საიას ახლა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა უწევს, რათა სხვების უფლებების დაცვის გაგრძელება შეძლოს – ახალი თავმჯდომარე თამარ ონიანი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს. არჩევნები 22 დეკემბერს გაიმართა. თამარ ონიანმა ამ პოსტზე ნონა ქურდოვანიძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას ბოლო 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
საიას ახალი თავმჯდომარე არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელი ორგანიზაციამ „შეზღუდული თავისუფლებების წლად“ შეაფასა. მისი თქმით, ეს განპირობებულია იმ წნეხით, რომელიც გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე მოდიოდა.
მისივე თქმით, საიას პრიორიტეტები უცვლელი რჩება: ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, რაც არსებულ ვითარებაში „საკუთარი ორგანიზაციული უფლებებისთვის ბრძოლასაც მოიცავს“.
„წლევანდელი წელი ჩვენ შევაფასეთ, როგორც შეზღუდული თავისუფლებების წელი. ეს არის საიას ოფიციალური შეფასება, რომელიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ანგარიშიც გვაქვს მოცემული. ასე ვუწოდებთ იმიტომ, რომ განსაკუთრებული წნეხი იყო ინსტრუმენტული უფლებების შეზღუდვაზე, ანუ გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე. ამ რეალობაში საიას, როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციას, უწევს, ერთი მხრივ, საკუთარი უფლებების დაცვისთვის იბრძოლოს, რათა შეძლოს სხვების უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელება და კიდევ უფრო გაღრმავება. ამ სხვებში ჩვენ ვგულისხმობთ, პირველ ყოვლისა, იმ ადამიანებს, ვისი ხმის გაგონებაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სისტემისგან დაჩაგრულებს, რომლებიც სამართლიანობის პოვნას ცდილობენ. ასეთ ადამიანებს ჩვენ 30 წელზე მეტია ვეხმარებით უფასო იურიდიული კონსულტაციებით, სტრატეგიული სამართალწარმოებითა და საერთაშორისო სასამართლოებში წარმომადგენლობით.
ამიტომაც წლევანდელი წლის პრიორიტეტები ჩვენთვის არ იცვლება და იგივეა, რაც აქამდე იყო – ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, რაც, სამწუხაროდ, ამ რეალობაში საკუთარი ორგანიზაციული უფლებებისთვის ბრძოლასაც მოიცავს. მიმდინარე ცვლილებებმა ათეულობით ორგანიზაცია უკვე იმგვარად დააზიანა, რომ სხვადასხვა ეფექტის გამო, მათ საქმიანობის შეჩერება ან მასშტაბების შემცირება უწევთ. ამჟამად საიაში კვლავ რჩება იმ რაოდენობის პერსონალი, რომ ჩვენ შეგვიძლია მუშაობის ისე გაგრძელება, როგორც წინა წლებში ვახორციელებდით. ამჟამინდელი რეალობა ასეთია”, – განაცხადა ონიანმა.
მისი თქმით, არსებული შეზღუდვების ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ საიამ გუნდის დიდი ნაწილის შენარჩუნება შეძლო, ორგანიზაციას მაინც მოუწია რესურსების ოპტიმიზაცია.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავექცევით მსჯელობას იმაზე, რომ არსებულმა კანონებმა ჩვენზეც დიდი გავლენა იქონია, მათ შორის, მასტიგმატიზებელმა იარლიყებმა და დეზინფორმაციულმა კამპანიებმა. ფაქტობრივად, რეალობა ისეთია, რომ ყველა თანამშრომელი, რომელიც ჩვენთან აგრძელებს მუშაობას, იდეების ერთგული რჩება უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიების დათმობის ხარჯზე, რადგან დეზინფორმაციული კამპანიები შეიძლება ძალიან დამაზიანებელი იყოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამაყობთ, რომ შევძელით გუნდის დიდი ნაწილის შენარჩუნება და მუშაობის გაგრძელება
გარკვეულ რეგიონებში დროებით აღარ გვაქვს წარმომადგენლობა. ჯამში ცხრა რეგიონში ვიყავით წარმოდგენილი და ეს რესურსი ნაწილობრივ შემცირდა, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს წარმომადგენლობები განვაახლოთ და არსებული რეალობის პარალელურად ამაზეც ვიზრუნოთ“, – განაცხადა თამარ ონიანმა bm.ge-სთან ინტერვიუში.
ახლად არჩეული თავმჯდომარე საიაში წლებია მუშაობს: 2022 წლიდან ის თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი იყო, ხოლო 2023 წლიდან დღემდე ორგანიზაციის ადამიანის უფლებების პროგრამას ხელმძღვანელობდა.

