დაკარგავს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის სტატუსს
ევროკომისია, ვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში, აღნიშნავს, რომ კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს.
ახალი წესების თანახმად:
პირველ ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეიძლება მიმართული იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებზე.
მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს, შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმი.
ანგარიშში აღნიშნულია:
2025 წლის 14 ივლისს ევროკომისიამ ფორმალური წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობას, რომელშიც აღნიშნული იყო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების გაგრძელება და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე მოითხოვა დეტალური ინფორმაცია.
თუმცა, ევროკომისიამ საქართველოსგან მისი რეკომენდაციების შესრულებაზე რაიმე არსებითი პროგრესის შესახებ ვერ შეიტყო. უმეტეს შემთხვევებში კორექტირების შემტანი ზომები არ იქნა მიღებული, ხოლო რამდენიმე სხვაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
ანგარიშში აღნიშნულია:
ევროკომისიის შეშფოთება საქართველოში მიღებულ რამდენიმე საკანონმდებლო აქტს უკავშირდება, კერძოდ: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, საოჯახო ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის კანონს, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსა და შესწორებებს, რომლებიც შეტანილ იქნა გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური შეკრების კანონში, ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, მაუწყებლობის კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.
ევროკომისიის თქმით:
აღნიშნული კანონები და შესწორებები ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. ხოლო საქართველოს მთავრობამ, შესწორებების ნაცვლად, ამ ზომების ღიად დაცვა დაიწყო ეროვნული სუვერენიტეტის წამოწევით და უგულებელყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული ვალდებულებები.

