ახალი ამბები

კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის აღება უფასო იქნება – სახელმწიფო მევენახეობის რეგულირებას იწყებს

ღვინის ეროვნული სააგენტო კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვების გაცემას 2026 წლის მარტიდან დაიწყებს. ნებართვები უფასო იქნება.

ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ ინიციირებული „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.

რადგან სახელმწიფოს რთველში ჩარევა უწევს, მევენახემ სახელმწიფოს პირობებიც უნდა გაითვალისწინოს – მეხუზლა
დოკუმენტის ავტორები განმარტავენ, რომ ბოლო წლებში მევენახეობის დარგისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა, რაც ახალი ვენახების მასიურ გაშენებაში გამოიხატება.

„რიგ შემთხვევებში, ვენახის გაშენება არასერტიფიცირებულ სანერგეში გამოყვანილი ნერგებით ხორციელდება. აღნიშნული გარემოებები კი იწვევს ჭარბ მოსავლიანობას და შემდგომში ღვინის რეალიზაციის პრობლემებს. საკითხის რეგულირებისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვის მიზნით მიზანშეწონილია ვენახების გაშენებაზე შესაბამისი თანხმობის შემოღება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტის მიხედვით:

თუ აქამდე სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშების გამოყენება იყოს საკმარისი, კანონის ამოქმედების შემდეგ ამასთანავე საჭირო იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა;
ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა-შეტყობინება ღვინის იმ მწარმოებლებსაც დაევალებათ, რომლების ღვინის რეალიზაციის მოცულობები წელიწადში 1 500 ლიტრს არ აღემატება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2026 წლის მარტამდე „სამეწარმეო ვენახის წესის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანება უნდა გამოსცეს, რის შედეგად ღვინის ეროვნული სააგენტო სამეწარმეო ვენახების გაშენების ნებართვის გაცემას შეძლებს.
კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური ან იურიდიული პირზე ღვინის ეროვნული სააგენტოდან სამეწარმეო ვენახის გაშენების ნებართვას უფასოდ გაიცემა. ამ პირებს სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ნებართვის მისაღებად გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენა დასჭირდებათ, რაც შეიძლება გარკვეულ ხარჯებს უკავშირდებოდეს.
დღეისთვის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმლის წარმოებისას დასაშვებია იმ ყურძნის 15%-მდე გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის/სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციით. საკანონმდებლო ცვლილებებით გაიზარდა გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად, ყურძნის მოსავლიანობაც, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმელის მაღალი ხარისხის უზრუნვლსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება მხოლოდ ამ ღვინის ან/და სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან მოხდეს;
რამდენიმე ტერმინი იხვეწება
საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. ახალი რეგულაცია ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.