ონლაინ უნივერსიტეტების კონცეფციის შემუშავება 2028 წლამდე გადაიდო
განათლების ყოფილი მინისტრის გიორგი ამილახვრის მიერ 2024 წლის მარტში დაანონსებული ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავება, 2026 წლის ნაცვლად, 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადდა. ცვლილება “უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” შედის.
ინიციირებული კანონპროექტით, მოქმედ დირექციაში 89²⁰-ე მუხლი იცვლება შემდეგნაირად: “საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს, 2028 წლის პირველ იანვრამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი”.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამების ელექტრონული სწავლების იმპელემენტაციამ “დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა”.
“ამ ეტაპზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული სწავლების იმპლემენტაცია. პროცესი გულისხმობს კურიკულუმის დაგეგმვასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას, რომლის ეფექტიანად განხორციელებამ დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწიოს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ონლაინუნივერსიტეტების კონცეფციის შემუშავების გადავადების მიზეზებზე პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე დღეს განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამაძ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ბევრ ტექნიკურ თუ ეთიკურ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, რის გამოც კონცეფციის დამუშავება უფრო მეტ დროს მოითხოვს.
“იცით, რომ რამდენიმე წლის წინ სამინისტრომ დააყენა ონლაინ უნივერსიტეტის შექმნის კონცეფცია, რომელსაც მე ძალიან ვგულშემატკივრობ, რა თქმა უნდა. გეტყვით, რომ ამ მიმართულებით გახლავთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნიკურ-ტექნოლოგიური და სამართლებრივი გამოწვევა. აქედან და რეფორმებიდან გამომდინარე, ვითხოვთ 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადებას შესაბამისი კონცეფციის წარმოდგენისა. მოგეხსენებათ, რომ აქ გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური და ტექნოლოგიური საკითხები, კიბერუსაფრთხოების საკითხები, ეთიკური საკითხები… ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ სტუდენტების განსაზღვრის საკითხებიც, რადგან ონლაინუნივერსიტეტს აქვს საფრთხეები, სტუდენტების ჩარიცხვასთან და მათ რეალურად შენარჩუნებასთან დაკავშირებით, და ამ მიმართულებით გვინდა, რომ ამ ნაწილის უფრო მეტი დამუშავება შევძლოთ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ონლაინუნივერსიტეტების ამოქმედებაზე პირველად განათლების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა 2024 წლის მარტში ისაუბრა. ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი განათლების სამინისტროს 2026 წლამდე უნდა შეემუშავებინა.
ონლაინსწავლების კონცეფცია ითვალისწინებს, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ უფლება/შესაძლებლობა, პირველი და მეორე საფეხურის გარკვეული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესი განახორციელონ ნაწილობრივ ან სრულად ელექტრონულად.

