ახალი ამბები

მთავრობა სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტს აფუძნებს

მთავრობა სახელმწიფო ამზომველის ინსტუტუტს ქმნის – „ჩვენ ამით კონკურენციას არ ვუწევთ კერძო ამზომველის ინსტიტუტს“მთავრობა სახელმწიფო ამზომველის ინსტუტუტს ქმნის – „ჩვენ ამით კონკურენციას არ ვუწევთ კერძო ამზომველის ინსტიტუტს“.

როგორც სხდომის მომხსენებელმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ განაცხადა, შესაძლოა, ინსტიტუტმა კერძო ამზომველების მიერ განხორციელებული სამუშაოების შემოწმებაც განახორციელოს.

„მოგეხსენებათ, არსებობს კერძო ამზომველის ინსტიტუტი. ჩვენი ინიციატივაა, რომ შემოვიდეს სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტი. სახელმწიფო ამზომველი იქნება სააგენტოში დასაქმებული პირი. ჩაატარებს ტოპოგრაფიულ, გეოდეზურ და საკადასტრო, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვით-აზომვით სამუშაოებს. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ საკადასტრო, აზომვითი და აგეგმვითი სამუშაოები მოითხოვს მათი შესრულების მაღალ ხარისხს და სიზუსტეს. ეს ყველაფერი თავის მხრივ შეუძლებელია თანამედროვე, მაღალი სიზუსტის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გარეშე. სააგენტოს აქვს ამის შესაძლებლობა და ფლობს შესაბამის რესურსებს. გააჩნია მაღალი კვალიფიკაციის ადამიანური კაპიტალიც და უკვე შექმნილი აქვს ყველა საჭირო ტექნიკური თუ ტექნოლოგიური ციფრული პლატფორმა. რათა სააგენტოში დასაქმებულმა პირებმა შეასრულონ სახელმწიფო ამზომველის ფუნქცია.

გვსურს დავაკონკრეტოთ, რომ ამის პარალელურად, ფუნქციონირებას გააგრძელებენ კერძო ამზომველებიც. ჩვენ ამით კონკურენციას არ ვუწევთ ან არ ვაუქმებთ კერძო ამზომველის ინსტიტუტს. მოქალაქე თვითონ გადაწყვეტს, ისარგებლოს სახელმწიფო თუ კერძო ამზომველის მომსახურებით. კერძო ამზომველის მიერ განხორციელებული სამუშაო, შესაძლოა, გადაამოწმოს სახელმწიფო ამზომველმა. თუ სააგენტო ამას მიიჩნევს საჭიროდ. არის შემთხვევები, როდესაც სააგენტოს აქვს კითხვები კერძო ამზომველის მიერ ჩატარებულ სამუშაოსთან დაკავშირებით და ამ ნაწილში შესაძლებლობა ექნება სააგენტოს, გადაამოწმოს შიდა რესურსებით“, – განაცხადა დგებუაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, სააგენტოში უკვე მუშაობს 600 ამზომველი, რომლებიც აქამდე ხელშეკრულების საფუძველზე იყვნენ დასაქმებულები.

„სააგენტოში ხელშეკრულებით არიან დასაქმებული კონკრეტული პირები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. დაახლოებით 600-მდე თანამშრომელია და სწორედ ამ თანამშრომლებზე დაყრდნობით, ამ ადამიანურ რესურსზე დაყრდნობით იგეგმება, რომ შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც სახელმწიფო ამზომველი ინსტიტუტის ფარგლებში სათანადოდ და კომპეტენტურად განახორციელებს მათზე დაკისრებულ სამუშაოს. სააგენტოს მიზანი არ არის, რომ ჩაანაცვლოს კერძო ამზომველის ინსტიტუტი და კონკურენცია გაუწიოს მათ. ეს არის ის გამოცდილება, რომელიც შევისწავლეთ სხვა წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან და შესაბამისად, სააგენტო იმოქმედებს კომპეტენციის ფარგლებში, აუცილებლობის მიხედვით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.