ახალი ამბები

ნონა ქურდოვანიძე – შეზღუდვების დაწესება ისეთ ადგილებში, სადაც მანქანები არ მოძრაობენ, ყოვლად დაუშვებელია

შეზღუდვების დაწესება ისეთ ადგილებში, სადაც მანქანები არ მოძრაობენ, ყოვლად დაუშვებელია.

ეს, ფაქტობრივად, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კრიმინალიზებაა – ეს ძალიან მსუსხავ ეფექტს იქონიებს და მიზანიც გასაგებია, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელი გახდება ფეხით სავალი ნაწილის გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს.

როგორც ქურდოვანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, ცვლილებები, რაც კანონპროექტითაა გათვალისწინებული, საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია.

„ისეთ ადგილებში, სადაც მანქანები არ მოძრაობენ, ასეთი ტიპის შეზღუდვების დაწესება ყოვლად დაუშვებელია და ეს კონსტიტუციას არღვევს. სანქციად რა მოჰყვება, ამასაც რომ შევხედოთ ეს, ფაქტობრივად, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კრიმინალიზებაა. ეს ძალიან მსუსხავ ეფექტს იქონიებს და მიზანიც გასაგებია. ეს არის გაგრძელება იმ ცვლილების, რაც უკვე მოხდა. ბოლო წლებში განსაკუთრებით დამძიმდა. 2024-25 წლებში არაერთი ცვლილება შევიდა „შეკრება/მანიფესტაციების კანონში“ და სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელმაც ეს სივრცე უფრო და უფრო დაავიწროვა და ფაქტობრივად, მოქალაქეების შეკრების გამართვის უფლების თავისუფალი შესაძლებლობა გაანულა.

რა შეიძლება ამ შემთხვევაში მოქალაქეებმა გააკეთონ? თუ რაიმე სივრცე დარჩა პროტესტის მშვიდობიანი ფორმის გამოხატვის, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ სამართლებრივად, ზოგადად, შესაძლებელია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს. თუმცა, სამწუხაროდ, დიდი მოლოდინების გაჩენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლა, დღეს არსებული მოცემულობით, რაიმე პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია, შეიძლება გადაჭარბებულიც იყოს“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, დგინდება შსს-ს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ქურდოვანიძის შეფასებით, ეს აქციის გამართვას გარკვეულ ნებართვაზე დაქვემდებარებას გულისხმობს.

„კი, საუბარია, რომ ეს თითქოს, შეტყობინებაა, მაგრამ მისი შინაარსით და შემზღუდველი ბუნების გათვალისწინებით, ეს უთანაბრდება წინასწარი ნებართვის აღებას, რაც როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლის ხელმომწერიც საქართველოა, ისე საქართველოს კონსტიტუციით, აკრძალულია. უფრო მეტიც, ამ საკითხებზე უკვე აქვს ნამსჯელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მიღებულიც აქვს გადაწყვეტილება, რომ არ შეიძლება ისეთი შეზღუდვების დადგენა, რომელიც მაგალითად, სპონტანური აქციის შემთხვევაში, შეუძლებელს გახდის მოქალაქეებმა სპონტანურად გამოხატონ საკუთარი პროტესტი. ასეთი ფორმით შეკრების გამართვა ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, გამოირიცხება“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძემ, ასევე, ისაუბრა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სუს-ის პრესკონფერენციამ „ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა“.

„ზოგადად, წყალში რაიმე ტიპის ნივთიერებების შერევა პრობლემურია, იმიტომ, რომ ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ისინი ამბობენ, თითქოს, იყენებენ „ამნესთის“ „გაიდლაინებს“, მაგრამ მასში ასეთი არაფერი წერია. რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ნივთიერების წყლის ჭავლში გარევა, ზოგადად ამ ნივთიერების გამოყენების მასშტაბებს ამძაფრებს. მას ადამიანებისთვის უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლია.

სუს-ის პრესკონფერენციამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ასევე, უზუსტობებმა დროის თვალსაზრისით, შეზღუდვამ გარკვეულ დღეებზე და არა ნოემბრიდან მოყოლებული. აქციები ირბეოდა არა მარტო იმ თარიღებში, რომლებიც სუს-მა გამოაცხადა, არამედ წინა დღეებშიც. ასევე, რამდენი ადამიანი იყო დაზარალებული. ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. ერთია, შენამდე რა მოდის, ზოგადად, მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობის დროს, მეორეა, რა სტატისტიკა აქვს თავად სახელმწიფოს. ჯანდაცვის სამინისტრომ გვიპასუხა, რომ უშუალოდ ბრიგადების, სამედიცინო ჯგუფების მიერ კლინიკებში გადაყვანილი იყო 200-ზე მეტი ადამიანი. აქ არ არის საუბარი, რომ ყველა მოწამლული იყო. ზოგადად, აქციიდან მოუწიათ გადაყვანა, მაგრამ სამინისტრო ვერ გვცემდა პასუხს, უშუალოდ პოლიციამ რამდენი მიიყვანა საავადმყოფოში. ეს სტატისტიკა არც სუს-ის განცხადებაში ჩანს. ასევე, არ ჩანს თვითდინებით რამდენი პაციენტი მივიდა. ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ ამ მონაცემებს ის არ ფლობს.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, როდესაც გამოძიებაზე მოგვიწოდებენ, პირველ რიგში, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ჩაატაროს. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ხელი შეუწყოს გამოძიებას. საერთაშორისო გამოძიებას, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობა სჭირდება. ამის გარეშე შეიძლება, შეუძლებელი იყოს. თუ არ გაქვს წვდომა მასალებზე, რომლებიც უნდა შეაფასო, რა თქმა უნდა, გამოძიება სრულყოფილი ვერ იქნება.

სახელმწიფოს აქვს ის ვალდებულება, რომ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია, რაზე დაყრდნობით აკეთებს ისეთ დასკვნებს, რომ არ ყოფილა რაიმე ტიპის ნივთიერება გამოყენებული. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდა. დღეს ეს განცდა არ არსებობს იმიტომ, რომ ეს მონაცემებიც ფრაგმენტულად მიეწოდება საზოგადოებას და არ სცემს ყველა იმ კითხვას პასუხს, რომელიც ისმის“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

საია-ს თავმჯდომარის თქმით, სუს-ის გამოძიების მიმართ არ არსებობს ისეთი მოლოდინები, რომ მას მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესი აქვს.

„თავის მხრივ, როდესაც ეს გამოძიება სუს-მა დააანონსა და ორი მუხლი დაასახელა, იქვე ცხადი იყო, რომ მათი მათი მთავარი მიზანი გამოძიების იმ მუხლით წარმართვა იყო, რითაც ახლა გრძელდება. ქიმიური იარაღის, აკრძალული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით მათ თქვეს, რომ არ გამოყენებულა და გამოძიება დარჩა იმ ფარგლებში, რომ თითქოს, BBC-ისთვის ინტერვიუს მიცემა რაიმე ფორმით, მტრულ საქმიანობად შეფასდეს. ეს დაუშვებელია.

ჩვენი თანამშრომლების გამოკითხვაც დაშინების ინტერესს და მიზანს ემსახურება. ჩვენი ერთი ისეთ თანამშრომელი დაიბარეს და გამოჰკითხეს, რომელიც ინტერვიუსაც არ აძლევს, უბრალოდ, სამუშაო პროცესში კადრში გამოჩნდა. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ გამოძიებას მართლაც ინტერესი აქვს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და ამ მიზნით ხორციელდება გამოძიება, ასეთი მოლოდინები, რა თქმა უნდა, ამ გამოძიების მიმართ არ არსებობს. შესაბამისად, ნდობაც დაბალია“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.