ახალი ამბები

იანვრიდან მიწების რეგისტრაცია შესაძლოა, მხოლოდ სპორადული წესით განხორციელდეს – კანონპროექტი

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია შესაძლოა, მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდეს.

იმ მოქალაქეებს კი, რომლებმაც ნაკვეთების საკუთრებაში გაფორმება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ვერ შეძლეს (ვერ მოასწრეს), მიწების დარეგისტრირების ვადა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე მიენიჭება უფლებამოსილება, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

დოკუმენტში დაზუსტებული არ არის, რა თანხის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის, თუმცა როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ღირებულება საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2026 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა განისაზღვროს. ამასთანავე, კანონპროექტში წერია, რომ საფასური არ უნდა აღემატებოდეს მოქმედ, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთი კი ამ დროისთვის 600 ლარს შეადგენს.

ამავე თარიღამდე საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეჩერდება აღმასრულებელი ორგანოების პრეროგატივა, კანონით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული უფლებამოსილება აღიარების კომისიებს შეჩერებული აქვთ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან.

დოკუმენტის მიხედვით, კანონის პროექტის ერთ-ერთი მიზანია, რომ იმ პირებს, რომლებიც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში ან მათ სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახდინეს უფლების რეალიზება, შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოითხოვონ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

მიწის სისტემური რეგისტრაცია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2022 წლიდან დაწყებული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მიწის ნაკვეთების სისტემურად აზომვას, საკადასტრო სამუშაოების ჩატარებას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას. რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის ბოლო იყო დასახელებული.