უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამაზე სტუდენტებისთვის კვოტები დაწესდება
მთავრობა დააწესებს სტუდენტების კვოტებს ამა თუ იმ ფაკულტეტზე – ესეც დაეფუძნება მთავრობის კვლევას „შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ“.
პარლამენტის განათლების კომიტეტში განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებების თანახმად, „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებებით, მთავრობას შეეძლება განსაზღვროს ამა თუ იმ ფაკულტეტზე სტუდენტების კვოტები – „შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე“.
განათლების მინისტრის მოადგილემ „ქართული ოცნების“ მთავრობაში, ზვიად გაბისონიამ დღეს, 9 დეკემბერს სადავო პარლამენტის განათლების კომიტეტს წარუდგინა დაგეგმილი ცვლილებები.
მან თქვა, რომ ახალი მოდელი მომავალი, 2026 წლიდან წლიდან ამოქმედდება და უკვე დაანონსებულ ცვლილებებთან ერთად ახსენა „დამატებითი ცვლილება“:
„საქართველოს მთავრობას დელეგირება მიენიჭება, განსაზღვროს სპეციალიზებული მიმართულებები, სპეციალიზებული პროგრამები და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განსაზღვროს სტუდენტთა კვოტირების საკითხი, ანუ სტუდენტთა რაოდენობა“, – თქვა მან.
მან განმარტა, რომ არსებული მოდელის პირობებში სტუდენტები „პოპულარული პროფესიების მიხედვით“ ნაწილდებიან, რაც, მთავრობის გადმოსახედიდან „სერიოზულ პრობლემას ქმნის, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დასაქმების ნაწილში“.

