ახალი ამბები

ცეკვის ანსაბლი ,,ველისციხე“ ლოს ანჟელესში ფესტივალზე გაემგზავრება

ცეკვის ანსაბლი ,,ველისციხე“, რომელიც 35 წელია ფუნქციონირებს, კონკურსის ,,გახდი ოსკაროსანის“ გამარჯვებული გახდა.

ანსაბლის ხელმღძვანელის, ნანა ქორბუდიანის განცხადებით, მათ ამერიკის საგზური მოიპოვეს, რის შედეგადაც ანსაბლი ლოს ანჟელესში ფესტივალზე მიიწვიეს.
,,ანტალიაში გავიგეთ რომ ყოველი წლის ნოემბერში არის პროექტი-კონკურსი ,,გახდი ოსკაროსანი“, სადაც მიგვიწვიეს. გადავწყვიტეთ, მიგვეღო მონაწილეობა. ამისათვის ძალიან ბევრი შრომა გავწიეთ ყველამ, თუმცა ასეთ შედეგს არ ველოდით. ვაპირებთ, პირველ სექტემბერს გავემგზავროთ ამერიკაში“.

მისივე თქმით, ანსაბლი 35 წელია ფუნქციონირებს, სადაც 5-დან 18 წლამდე ახალგაზრდები ცეკვავენ.
,,35 წელია ვმუშაობ ცეკვის მასწავლებლად. ჩემი სამსახური და ჩემი მოსწავლეები ჩემთვის ყველაფერია. ყველა მშობელი გვერდში გვიდგას, რომ ნებისმიერი გამოწვევა გადავლახოთ. იმედი გვაქვს, რომ ამერიკაშიც გავემგზავრებით“.

ნანა ქორბუდიანის განცხადებით, ანსაბლი მონაწილეობას იღებს ადგილობრივ ფესტივალებშიც.
,,მონაწილეობას ვიღებთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფესტივალებზე. ყოველ წელს მივდივართ საზღვარგარეთ. მინდა ავღნიშნო, რომ გასულ წელს, ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში, საერთაშორისო ფესტივალზე ავიღეთ გრანპრი, რაც ჩვენი ანსაბლისთვის უდიდესი წარმატებაა.“

რაც შეეხება 2026 წლის გეგმებს, მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკვე აქვთ დაგეგმილი რამდენიმე ვიზიტი საზღვარგარეთ.
,,იანვარში მონაწილეობას მივიღებთ ბაკურიანში ფესტივალზე. გარდა ამისა, მოწვევა გვაქვს სამი ქვეყნიდან, ესენია თურქეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი. მართალია, ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა ვცდილობთ გამოწვევების დაძლევას“.