ახალი ამბები

ოქტომბერში ფულის გათეთრებაზე დევნა 23 ადამიანის მიმართ დაიწყო – ეკონომიკური დანაშაულის სტატისტიკა

2025 წლის ოქტომბერში ფულის გათეთრებისთვის დევნა 23 ადამიანის მიმართ დაიწყო – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლებში.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს აღნიშნულ დანაშაულზე დევნა 13 პირის მიმართ დაიწყო, 2024 წლის ოქტომბერში კი მხოლოდ 11 პირის.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე დევნა სულ 61 ადამიანის მიმართ დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს დევნის დაწყების მიზეზი, ყველაზე მეტ – 23 შემთხვევაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება) უკავშირდება, რასაც 22 შემთხვევით მოსდევს საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა.