პირადობის მოწმობებზე QR კოდის და თითის ანაბეჭდის დამატება იგეგმება
პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა.
აღნიშნული კანონპროექტის გათვალისწინებით, ვიზუალურად იცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, აგრეთვე, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.
უფრო კონკრეტულად, ცვლილებების მიხედვით, დოკუმენტებს უნდა დაემატოს ახალი რეკვიზიტები. კერძოდ, მოწმობის წვდომის კოდი, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება და ე.წ. QR კოდი, რომლის მეშვეობითაც, პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ.
გარდა ამისა, კანონის პროექტი პირადობის მოწმობაზე თითის ანაბეჭდის დატანას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნული უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს და გაყალბებისგან დოკუმენტის დაცვის ხარისხს გაზრდის.
კანონის პროექტის მიხედვით, ცვლილებები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

