ახალი ამბები

სად რა და ფორმით შენარჩუნდება მე-12 კლასი რეფორმის შემდეგ

საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის რეჟიმში გამოსვლისას “ოცნების” მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 11-წლიან სწავლებაზე განაცხადა, რომ კერძო სკოლებს მიეცემათ უფლება, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, ხოლო საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება სურს, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისის თითოეულ რაიონში, შეიქმნება შესაბამისი სპეცკლასები მე-12 კლასის გასავლელად.

კობახიძის თქმით, ახალგაზრდები რომლებიც პირველივე კურსიდან მიდიან სასწავლებლად საზღვარგარეთ, უკან აღარ ბრუნდებიან. ამიტომ წასვლას ბევრად მეტი მინუსი აქვს.

“თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12-წლიანი სწავლა, მაშინ ჯობია, რა თქმა უნდა, გადავიდეთ 11-წლიანზე. ერთადერთი, რაც ოპონენტებმა დაუპირისპირეს ამ გზავნილს, იყო ის, რომ 11-წლიანი სწავლების პირობებში მოსწავლეებს გაუჭირდებათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის გაგრძელება. ანუ, არავინ არ საუბრობდა იმაზე, საჭიროა თუ არა 12-წლიანი, კარგია თუ არა არსებული სისტემა, ერთადერთი რაც იყო, რომ თუ 12 წელი არ ისწავლა ბავშვმა, საზღვარგარეთ ვერ წავა პირველი კურსიდან უნივერსიტეტში.

ნუ აქაც, ჩვენ გვაქვს მარტივი გადაწყვეტა. ეს არ არის ხომ მთავარი საკითხი? მთავარია 11 ჯობია თუ 12 წელი. ამაზე არავინ არ საუბრობს, კიდევ ერთხელ, წავა თუ არ წავა საზღვარგარეთ, ამაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ზოგადადაც, ბევრი მინუსი აქვს მიგრაციას, კიდევ ერთხელ, როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათი უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში. ამიტომ, მინუსი ბევრი, მეტი აქვს საზღვარგარეთ წასვლას, ვიდრე პლუსი. თუმცა, ანუ ეს არის რა თქმა უნდა, თითოეული მოსწავლის და მშობლის არჩევანი, ამაში ჩვენ ვერ შევალთ.

მაგრამ, თუ ვინმეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. პირველი, ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს და კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, ეს ერთი. და მეორე, რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც, თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი იმისათვის, რომ მერე ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, შეგვიძლია თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეცკლასები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ექნება სურვილი დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. შესაბამისად, ნუ ჩანს, რომ მთლიანად სპეკულაციურია ეს განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნური დაბრკოლების შექმნას ბავშვებისთვის. არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ. ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას”, – განაცხადა კობახიძემ.