დიდი ალბათობით, გაფართოების მიმართულებით საქართველოს ფაილი დაიხურება – ფიშერი
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ დიდი ალბათობით დეკემბერში ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის ლიდერები დაადასტურებენ, რომ საქართველოს მიმართულებით გაფართოების “ფაილი დახურულია”.
მისივე თქმით, გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა მოწმობს, რომ საქართველოს ახლანდელი კურსით, “საქართველოსთვის არ არსებობს გაწევრიანებისკენ სიცოცხლისუნარიანი გზა”.
“გერმანიამ ძალიან ბევრი იმუშავა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ მიეღო. ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვქონდა პრივილეგირებული პარტნიორობა საქართველოსთან, რომელიც ეფუძნებოდა დემოკრატიის განვითარებას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილის მხარდაჭერას. კულმინაცია იყო კანდიდატის სტატუსი და სწორედ მისი მიღების შემდეგ ვითარება გაფუჭდა და კიდევ უფრო გაუარესდა.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ანგარიშის მიხედვით, როგორი ვითარებაც ახლაა, საქართველოს ახლანდელი კურსით, საქართველოსთვის არ არსებობს გაწევრიანებისკენ სიცოცხლისუნარიანი გზა. კომისარმა გაფართოების საკითხებში – მარტა კოსმა განაცხადა, რომ ეს არის გაფართოების შესახებ ყველაზე ცუდი ანგარიში, როგორიც კი რომელიმე ქვეყანას ჰქონია.თუკი შენ ხარ ქართველი და შენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს ანგარიში კატასტროფულია შენთვის. მე ბევრჯერ საჯაროდ მითქვამს, ევროკავშირი იმართება წერილობით. მოვუწოდებ ადამიანებს, წაიკითხონ ეს ანგარიში. ის არის ინტერნეტში – ნახეთ ევროკომისია, 4 ნოემბერი.
გერმანია ეთანხმება ამ ანგარიშს, ჩვენ ვეთანხმებით მას. საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა. ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა. ეს საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობაა. თუმცა, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გამომაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის – თუ რა მოხდა იმ ერთ წელიწადში.
თუკი ვამბობ, რომ გერმანია იწონებს ამ ანგარიშს, ეთანხმება მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს [საქართველოს] ფაილი დახურულია – არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო. ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნდობაზე დაფუძნებით. არსებულ პირობებში, არსებული კურსით კი, გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე [საქართველოს კონტექსტში – რ.თ.], არც აღარავინ ევროკავშირში.
დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა ჩვენი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ – ფაილი დაიხურება საქართველოს მხარის ქმედებების გამო. არ მგონია, ამ ქმედებების ხელახლა ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისთვის: ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა – გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება ირღვევა. პოლიტიკური პარტიები ნადგურდება. ზოგიერთი ციხეში ჩასვეს; გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან და ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი. მოველი, რომ ეს მოხდება; დიდი ზეწოლის ქვეშ არის თავისუფალი მედია”, – ამბობს პეტერ ფიშერი ინტერვიუში.

