ახალი ამბები

რას შეცვლის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გაზრდა

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება. ამ დარღვევების ჩამონათვალში შეხვდებით როგორც მანევრირების წესების დარღვევას, ისე სიჩქარის გადაჭარბებას, ავტომობილის მართვის პროცესში ტელეფონზე საუბარს, ღვედის გამოუყენებლობასა და სხვა.

შსს-ის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ 6 თვეში 2 860 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვრიდან ივლისამდე 216 ადამიანი დაიღუპა და 2 816 დაშავდა. გარდაცვლილთაგან 79 ქვეითად მოსიარულე იყო, 14 ბავშვი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების თითქმის ნახევარი, 1369 შემთხვევა თბილისში მოხდა. დედაქალაქში ავარიების მსხვერპლთა რიცხვი 50-ია.
გაზრდილი ავარიების ფონზე, მოქალაქეები დაგეგმილ სიახლეს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ გაზრდილი ჯარიმები გარკვეულწილად შეამცირებს ავარიების რიცხვს.

,,ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია ავარიების შესახებ, ბევრი ახალგაზრდა იღუპება. ეს როდესმე ხომ უნდა დამთავრდეს? აუცილებლად მოსაგვარებელია ეს საკითხი, რომ მძღოლები უფრო ყურადღებით იყვნენ გადაადგილების დროს”,- აცხადებს კახეთში მცხოვრები თამარ ნინიაშვილი.

მძღოლების ნაწილი დაგეგმილ სიახლეს დადებითად აფასებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ჯარიმები საგზაო წესების დარღვევაზე ისედაც მაღალია და მისი კიდევ გაზრდის აუცილებლობა არ არის.

საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი იზორიამ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში განაცხადა, რომ მანევრირების წესების დარღვევისთვის სასანქციო ზომების გამკაცრებას მიესალმებიან. მისი თქმით, უფრო ადრე რომ გაზრდილიყო ჯარიმები, ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხდებოდა.

„ბოლო პერიოდში ხშირად გვინახავს ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და სწრაფად მობრუნებას რამდენი მოპედისა და მოტოციკლეტის მძღოლი შეეწირა, ასეთი უცაბედი მოძრაობით ჩვენს თანამოქალაქეებს ვუქმნით საფრთხეს. ამ ნაწილში მკაცრი უნდა იყოს ჯარიმა და ვეთანხმებით გაზრდას – არ შეიძლება ჩვენი ქუჩები ვაქციოთ ავტორბოლის მოედნად. ჯარიმის გაზრდა არის დროული, უფრო ადრეც რომ გაგვეზარდა, შესაძლოა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა. ქულების ჩამოკლებაც თავისთავად გაიზარდა და კარგია, რადგან თუ მანევრირების წესების დარღვევის 5 შემთხვევა ექნება მძღოლს წელიწადში, მართვის მოწმობა ჩამოერთმევა. ჩვენთან აღსრულება ხორციელდება ძირითადად საპატრულო პოლიციის მიერ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დარღვევას თუ პატრული ვერ ხედავს, აღსრულებაც ვერ მოხდება. მანევრირების შემთხვევებს მაგალითად კამერებით ვერ ვხედავთ, რადგან მძღოლებმა ხშირად იციან, სად არის კამერები და იქ ნაკლებად არღვევენ წესებს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ გასამკაცრებელია უკონტაქტო პატრულირების სისტემა, ბოლო პერიოდში ბევრგან გამოჩნდა საგზაო ნიშანი, რომ უკონტაქტო პატრულირება მიმდინარეობს. ეს არის ჩვეულებრივი ავტომობილი, რომელიც აფიქსირებს ყველა დარღვევას, ოღონდ არ ჩანს ეს ავტომობილი ვისია. ბევრს ეწერება ჯარიმები უკონტაქტო პატრულის მიერ ხშირ შემთხვევაში არასწორი დგომა-გაჩერების გამო. ასევე ხშირია ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებაზეც, უკონტაქტო პატრულს აქვს იმის საშუალება, რომ დააფიქსიროს სიჩქარის გადაჭარბება. სასიხარულოა, რომ სკოლის ტერიტორიებზე გამოჩნდა მსგავსი ნიშნები, რუსთავში ვნახე ასეთი ნიშნები. ეს ყველგან უნდა იყოს, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით გავუფრთხილდეთ ბავშვთა სიცოცხლეს“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.