ახალი ამბები

“ახალი წლიდან, ჩვენი პროგრამები, ფაქტობრივად, მთლიანად შეიცვლება” – დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2026 წლიდან სამინისტროში არსებული ფერმერების თანადაფინანსების პროგრამებში ცვლილებებს აანონსებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დავით სონღულაშვილის კომენტარს უწყება ავრცელებს, თუმცა რომელ პროგრამაში რა შეიცვლება დაკონკრეტებული არ არის.

„ამ საკითხზე მუშაობის შედეგად იყო გამოწვეული ის რეფორმები, რომელიც ამ მიმართულებით და არა მხოლოდ ამ მიმართულებით განვახორციელეთ. შესაბამისად, ახალი წლიდან, ფაქტობრივად, ჩვენი პროგრამები იქნება მთლიანად შეცვლილი და მორგებული როგორც ხელმისაწვდომობის და მომსახურების კუთხით, აგრეთვე შინაარსობრივად – თავიდან ბოლომდე მორგებული ფერმერებსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ცოდნასთან და ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობაა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის ახალი დიზაინის ფარგლებში, შესაძლებელია უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა. რეგიონებში ვიზიტების დროს, ერთ-ერთი მოთხოვნა ფერმერებიდან სწორედ ცოდნაზე წვდომას ეხებოდა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, ჯამში, 17 სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს. ჩვენი მიზანია, სისტემა იყოს მეტად ეფექტიანი და უფრო მეტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რა დრო სჭირდება ნებისმიერი ნებართვის მიღებას. მოქნილი, მოქალაქეებზე მორგებული მომსახურება შესაძლებლობას იძლევა, კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს კერძო სექტორი.