თელავში მცხოვრები ახალგაზრდა ნახატებს ავტოკალმით ქმნის
ქალაქ თელავში მცხოვრები ახალგაზრდა მხატვარი ზურა ტოტიკაშვილი ნახატებს ავტოკალმით ქმნის.
ის ნამუშევრებს უშეცდომოდ, წინასწარი გეგმის გარეშე ხატავს.. ზურა ამბობს, რომ ხატვის დაწყებისას წინასწარ არ იცის რა გამოვა, რადგან ხატვის დაწყებისას ნამუშევრის ფორმა და ზომა წინასწარ არ აქვს განსაზღვრული.
,,ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. დედაჩემი და მამაჩემი მხატვრები არიან. მამის რჩევით და დავიწყე ხატვა და დავამთავრე სამზატვრო სკოლა, თუმცა თელავიდან თბილისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ხატვას თავი დავანებე, მაგრამ იმდენად მიყვარს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ განსხვავებული სტილით და ახალი შემართებით დავუბრუნდი ჩემ საქმეს.
ვხატავდი ყველგან, სამსახურში თავისუფალ დროს, მგზავრობისას და არ მაინტერესებდა გარშემო რა ხდებოდა. როცა ხატვას ვიწყებ ყველაფერი მავიწყდება, ვითიშები და ჩემი გრძნობები გადამაქვს ფურცელზე. ძირითადად სხვადასხვა ფანქრებით და კალმით ვხატავ და ჩემი ნახატები განსხვავებულია სხვა მხატვრების ნამუშევრებისგან’’,– განუცხადა knews.ge-ს ზურა ტოტიკაშვილმა.
ზურა ამბობს, რომ ხატვის განსაკუთრებული, თავისებური სტილი აქვს და მის ნახატებში გაერთიანებულია სევდა, ტკივილი, სიხარული და სიყვარული. ის თავისი ნამუშევრებით ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსაც ეხმიანება და ნახატებში ასახავს.
,,ნახატები შექმნილი მაქვს ქვეყნის წარსულზე, ემიგრანტებზე, პანდემიაზე, სუიციდზე და სხვა მიმდინარე მოვლენებზე. ჩემს ნამუშევრებში თითოეულმა ადამიანმა შესაძლოა თავისი თავი იპოვოს. განსხვავებული სტილით ვხატავ. ამას არსად ასწავლიან. მიუხედავად იმისა, რომ შრომატევადია, ამით მე სიამოვნებას ვიღებ. ხატვის გარეშე არ შემიძლია’’,– განაცხადა ზურა ტოტიკაშვილმა.
უნიკალურად შესრულებული კომპოზიციების გარდა ის კედლებზე ბარელიეფსაც აკეთებს. მისი თქმით, ბარელიეფის შექმნას დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
„გარდა ხატვისა დავიწყე ბარელიეფზეც მუშაობა. სახლში ორი ნამუშევარი მაქვს უკვე, ერთი კი შეკვეთით დავამზადე საკმაოდ დიდი ზომის. ერთი ბარელიეფის შექმნას ორი თვე მაინც სჭირდება, მაგრამ შედეგის მიღება უდიდესი სიამოვნებაა. ეს არის ჩემი საქმე და სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია”,- განაცხადა ზურა ტოტიკაშვილმა.
ის ნამუშევრებს ონლაინ აუქციონის საშუალებით ყიდის. ასევე სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ხატავს. როგორც თავად ამბობს ეს პოპულარობაში ეხმარება.
,,გამოფენებშიც ვიღებ აქტიურ მონაწილეობას და იქ ვყიდი ჩემს ნამუშევრებს. გარდა ამისა, არის სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ აუქციონის გვერდი და როცა რამე ნახატის გაყიდვა მინდა იქ ვდებ ნამუშევრებს.
ასევე აქტიური ვარ სოციალურ ქსელებში და პირდაპირი ეთერის საშუალებით ვხატავ მაყურებლისთვის სასურველ ნახატს. ეს მე პოპულარობაში მეხმარება, რადგან რაც მეტი ადამიანი ნახავს ჩემს შემოქმედებას, მით მეტს ეცოდინება რას ვაკეთებ’’,– განაცხადა ზურა ტოტიკაშვილმა.
ავტორები: მაკა ხაზიური, ზურა არჩემაშვილი