მოვაჭრეების 3%-იანი დაბეგვრის მოთხოვნა იანვრიდან აღარ ამოქმედდება
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უქმდება ბაზრობების მოვაჭრეებისთვის ბრუნვის 3%-იანი დაბეგვრის მოთხოვნა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, იმის გათვალისწინებით, რომ მცირე მეწარმეებისთვის მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 1% დაბეგვრის რეჟიმი, ხსენებულ დებულებებს, რომლებიც ამოქმედების შემთხვევაში მოვაჭრეების 3%-ით დაბეგვრას ითვალისწინებს, დაკარგული აქვს აქტუალობა.
აღსანიშნავია, რომ მცირე მეწარმეებისთვის 1%-იანი დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წლიური ბრუნვის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა. 3%-იანი გადასახადი კი ნებისმიერი ბრუნვის შემთხვევაში იარსებებდა, რომელზეც მოვაჭრეები 2026 წლის იანვრიდან უნდა გადასულიყვნენ.
განმარტებით ბარათის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ცვლილება არ ამოქმედებულა, ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვერ ფასდება.
კიდევ ერთი ცვლილება, სალარო აპარატებს შეეხოთ და ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.
“2028 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლება ფიზიკური პირისთვის, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო კოდექსის შესაბამისად,”- ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, ბაზრობებზე სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულებაზე ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო, რომლის მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული უნდა ყოფილიყო, საქონლის რეალიზაციისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა. პანდემიის გამო ეს ვალდებულება ჯერ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა, შემდეგ კი, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე. ამჯერად კი 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.

