ახალი ამბები

ყვარელში საჯარო მოხელეებს შორის მომხდარი ინციდენტის სამივე მონაწილე გაანთავისუფლეს

ყვარელში საჯარო მოხელეებს შორის მომხდარი ინციდენტის სამივე მონაწილე თავისუფალია. თითოეულს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მერის მოადგილე ლევან გელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, გივი ზაუტაშვილი და მისი ძმა, ნიკა ზაუტაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ნოემბერს, ქალაქ ყვარელში კონფლიქტისას, ბრალდებულები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადვოკატების განცხადებით, გირაოს მოთხოვნით, სასამართლოს თავად პროკურატურამ მიმართა და ყველა მათგანი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ნიკა და გივი ზაუტაშვილის ადვოკატი, იმედა ბეროშვილი აცხადებს, რომ მომხდარის დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გაახმაურებს.

მერის მოადგილე ლევან გელაძე კი ბრალდებებს, რომ საქმე თანამდებობების გადანაწილებას უკავშირდებოდა, უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 10 დეკემბერს ჩაინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მოადგილის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.