სახელმწიფო ტენდერებში ცვლილებები იგეგმება – რა იცვლება კონსოლიდირებულ და ელექტრონულ შესყიდვებში
სახელმწიფო ტენდერებში ცვლილებები იგეგმება. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, შეიქმნება „ცენტრალური შემსყიდველი ორგანო“, რომელიც ცენტრალურ შესყიდვებს განახორციელებს.
კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება ტენდერების ჩატარების წესიც. ასე მაგალითად, კონსოლიდირებულ შესყიდვას „ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს“ სატენდერო კომისია ჩაატარებს. კომისიაში სულ 3 წევრი იქნება, შემადგენლობას კი „ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს“ ხელმძღვანელი დააკომპლექტებს.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ სფეროში ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება დამატებით შესაძლებელია მიენიჭოს სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას“, – აღნიშნულია პროექტში.
რაც შეეხება ბაზრის კვლევას, კონსოლიდირებული ტენდერის მოსამზადებლად ცენტრალური შემსყიდველი ორგანო განახორციელებს ბაზრის კვლევას. ბაზრის კვლევის განხორციელების წესი საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდება.
კანონპროექტის მიხედვით, კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადების წარდგენისათვის საფასური განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით.
„იმავე თარიღიდან, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე აგრეთვე გადაიხადოს თანხა – დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით“, – ვკითხულობთ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტში.
გარდა კონსოლიდირებული ტენდერებისა, იცვლება ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესიც. კერძოდ, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას, ვადების შერჩევასთან დაკავშირებული, დღეს არსებული მიდგომა და შესაბამისი ვადის შერჩევა დამოკიდებული იქნება შესყიდვის ობიექტისა და არაერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ღირებულებაზე.
„განისაზღვრება, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი დაფინანსების წყაროდან ცალ-ცალკე შესყიდვა, თუ შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით“, – ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ „ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს“ შექმნით გაიზრდება ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელების ეფექტიანობა, რაც „თავის მხრივ, უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციების ადამიანური და დროით რესურსების დაზოგვას“.
რაც შეეხება ვადებს, „ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს“ შექმნა 2026 წლის 1-ელი ივნისიდან იგეგმება.

