დედოფლისწყაროში საძოვარი იჯარით სხვადასხვა პირებზე გაიცემა
სახელმწიფო 4 მუნიციპალიტეტში 9 412 793 კვ.მ-ის ფართობის 8 საძოვარს იჯარით სხვადასხვა პირებს გადასცემს.
საძოვრებით მოიჯარეები სამი წლის ვადით გარკვეული წლიური საიჯარო ქირის გადახდის სანაცვლოდ ისარგებლებენ. საუბარია ასპინძის, დედოფლისწყაროს, ნინოწმინდის და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საძოვრებზე.
მთავრობის განკარგულებით, საძოვრების იჯარით გადაცემის უფლება ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა.
საძოვრების იჯარის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვრება წლიური გადასახადი 1 კვ.მ ფართობზე დაახლოებით 0.15 თეთრი, რომელიც მოიჯარემ ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს და შემდგომ ყოველწლიურად. ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში იჯარით გაცემული აღნიშნული 8 საძოვრიდან წლიურად 12 452 ლარი შევა.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, მოიჯარეს საძოვრის გამოყენება მხოლოდ პირუტყვის ძოვების მიზნით შეუძლია.
„მოიჯარემ არ უნდა დაუშვას საძოვარზე შესაბამისი იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობის, ასევე სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული პირუტყვის ძოვება. ამასთან, ძოვება უნდა განხორციელდეს ადგილმონაცვლეობის პრინციპის დაცვით“, – წერია განკარგულებაში.
ცნობისთვის, სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტოს წლიურ ანგარიშის თანახმად, 2025 წელს დაგეგმილია 5 000 ჰექტარამდე ფართობის საძოვრის იჯარით გაცემა.
2024 წლის განმავლობაში კი იჯარის ხელშეკრულება 89 მიწის ნაკვეთზე გაფორმდა, რომლის საერთო ფართობი 9395 ჰექტარს შეადგენს. პირდაპირი წესით იჯარით 72 მიწის ნაკვეთი გაიცა, ფართობით 6 516 ჰა, ხოლო აუქციონის წესით 17 მიწის ნაკვეთი ფართობით 2 879 ჰა. აუქციონის გზით იჯარით გაცემულ საძოვრებზე ჯამურმა წლიურმა საიჯარო თანხამ 402 103 ლარი შეადგინა (საშუალოდ ჰექტარზე – 140 ლარი), ხოლო პირდაპირი გზით გაცემულ საძოვრებზე – ჯამურად 79 625 ლარი.
გასულ წელს პროგრამის ფარგლებში საძოვრის კატეგორია 16 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიენიჭა, რომლის საერთო ფართობი 2 680 ჰექტარია.

