კახეთის მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვა იგეგმება
კახეთის მაგისტრალის ბადიაური-ჩალაუბნის (ლოტი 4) 22.6 კმ-იანი გზის მშენებლობის არეალში დაგეგმილია მიწების გამოსყიდვა, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.
უწყების ცნობით, ადგილზე გამოსყიდვას ექვემდებარება დაახლოებით 584 მიწის ნაკვეთი. აღსანიშნავია, რომ მოსყიდვისთვის გამოყოფილია 20 მლნ ლარი.
„დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს თბილისი – საგარეჯო და საგარეჯო – ბაკურციხის საავტომობილო გზის მონაკვეთის (ბადიაურიდან ჩალაუბნის აღმოსავლეთ ნაწილამდე (ლოტი 4)) გაუმჯობესების პროექტით გათვალისწინებული განსახლების პროცედურების განხორციელება, რომლის ფარგლებში გამოსყიდვას ექვემდებარება დაახლოებით 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) მიწის ნაკვეთი, სავარაუდო ღირებულებით 20 მილიონი ლარი“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ დეპარტამენტში.
ამასთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბადიაური-ჩალაუბნის მონაკვეთის მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები 2026 წელს დაიწყება.

