ახალი ამბები

რა გამოწვევებია მიწის რეგისტრაციის პროგრამაში

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა წლებია მიმდინარეობს, თუმცა რეგისტრაციის კუთხით არსებული გამოწვევები ჯერ კიდევ გადაუჭრელია.

მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულება რამდენჯერმე გადავადდა. ბოლო გახანგრძლივებული ვადით, რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დასრულდეს.

თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იურიდიული კომპანია „ოქეი ენდ სი ჯი“-ს დამფუძნებელი და ადვოკატი, ოთარ კაჭკაჭაშვილი აღნიშნავს, რეგისტრაციის ნაწილში არსებული პრობლემების ფონზე, ვადები შესაძლოა, ისევ გახანგრძლივდეს.

„უკვე არაერთხელ ვიხილეთ კანონის გადავადების შემთხვევები, ამ ფონზე აბსოლუტურად ლოგიკური იქნება ჩვენი მოლოდინი, რომ შესაძლოა, კვლავ მოხდეს გადავადება, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ არ არის მიღწეული კანონით დასახული მიზანი.
ძალიან ბევრი პრობლემით და ხარვეზით მიმდინარეობს მთელი ეს პროცესი – სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უმოწმებენ სხვადასხვა საკუთრების უფლებას და ამით ხდება სხვა კერძო პირებისა და სახელმწიფოს საკუთრების დასაკუთრება“,
– აღნიშნავს ოთარ კაჭკაჭაშვილი.

იურისტის თქმით, მოქალაქეების მხრიდან მსგავსი ურთიერთდამოწმების ფაქტები შესაძლოა, სამომავლოდ სამართალწარმოების საფუძველი გახდეს.

„აღსანიშნავია, რომ ამგვარად ხდება ისეთი ქონებების დასაკუთრებაც, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არის ტყის ზონაში ან მიეკუთვნება სპეციალურ ზონას, სადაც არ შეიძლება, რომ კერძო საკუთრება იყოს. სამომავლოდ შესაძლოა, სამართალწარმოების საფუძველი გახდეს ის ფაქტები, რომ ორმა-სამმა ადამიანმა ერთმანეთს დაუდასტურა ვითომდა საკუთრების ფლობის ფაქტი და საჯარო რეესტრში მოახდინეს რეგისტრაცია.
ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ე.წ. დამოწმების სქემით რეალური მესაკუთრეების ქონების მისაკუთრება ხდება. 2-3 ადამიანი თუ გადაწყვეტს, რომ საკუთრება დაადასტუროს, ხდება ამა თუ იმ ქონების დარეგისტრირება, რაც იწვევს სასამართლო დავებსა და რეგისტრაციის შეჩერებას. შესაძლოა ამანაც გამოიწვია ის, რომ გარკვეული რაოდენობის მიწები დაურეგისტრირებელია“,
– განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ოთარ კაჭკაჭაშვილმა.