ახალი ამბები

“ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს” – კაია კალასი

„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება“, – ამის შესახებ დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, “საქართველო ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა“. მსგავსი ჩანაწერია თავად საქართველოს შესახებ გაფართოების 2025 წლის ანგარიშშიც.

როგორც კაია კალასმა აღნიშნა, გაფართოების წლევანდელ ანგარიშში საქართველოს ნეგატიური შედეგი აქვს, დადებითი შედეგები კი აქვს ოთხ ქვეყანას: ალბანეთს, მოლდოვას, მონტენეგროსა და უკრაინას. სერბეთს, ბოსნია ჰერცოგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოსა და თურქეთის შედეგები კი “შერეულია”. მისივე თქმით, მონტენეგროს ყველაზე კარგი შედეგები აქვს.

გარდა ამისა, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დღეს უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ბოლო 15 წლის განმავლობაში.

“გლობალური წესრიგი იცვლება და ევროპის უსაფრთხოება სულ უფრო მეტად რისკის ქვეშაა. გაფართოება სტაბილურ ევროპაში ინვესტიციაა და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ამას აღიარებს. მსურველი ქვეყნებისთვის მოკლე გზები არ არსებობს, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს ევროკავშირმა პროცესის მხარდასაჭერად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. გაფართოების ფანჯარა ფართოდ არის გახსნილი და ჩვენ ახლავე უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. 2030 წლისთვის ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანება რეალისტური მიზანია”, – განაცხადა კალასმა.

ევროკომისარ მარტა კოსის თქმით კი, საერთო ჯამში, 2025 წელი ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელოვანი პროგრესის წელი იყო.

“მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა გამოირჩევიან. მათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეფორმების მხრივ ყველაზე მეტი პროგრესი განიცადეს. რეფორმების ამჟამინდელი ტემპითა და ხარისხით, შესაძლოა, მომდევნო წლებში შევძლოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, უფრო დიდი კავშირი ევროპას გააძლიერებს. კომისია მოითხოვს რეფორმების უმაღლესი ხარისხის დაცვას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით. არანაირი მოკლე გზა არ იქნება. ერთიანი კონტინენტი ყველაზე ძლიერი პასუხია მათზე, ვინც ევროპის დაყოფასა და დესტაბილიზაციას ცდილობს”,- თქვა მარტა კოსმა.