ახალი ამბები

რთველი 2025-ის ფარგლებში, კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია

წელს, კახეთის რეგიონში, 327 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.

„ხარისხთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სხვადასხვა ხარისხის ყურძენს აქვს თავისი ფასი. ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა მომავალ წელს შენარჩუნდება და კიდევ უფრო გამკაცრდება. კლიმატურმა პირობებმა კახეთში, კერძოდ უხვმა ნალექებმა, გარკვეული კორექტივები შეიტანა ყურძნის ხარისხთან მიმართებაში და სახელმწიფოს მოუწია შედარებით ნაკლებხარისხიანი ყურძნის სასპირტედ გადამუშავებისთვის ჩაბარება. თუმცა ის ყურძენი, რომელიც კერძო სექტორმა მიიღო საღვინედ, არის ხარისხიანი“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.