ვის შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი
დღეს, ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს დაუჭირა მხარი. კერძოდ, მიღებული დოკუმენტის მიხედვით ევროკავშირი ამარტივებს უვიზოდ მოგზაურობის გაუქმებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ წევრი ქვეყნებისთვის, ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.
პლენარულ სხდომაზე ახალ მექანიზმს მხარი 518-მა წევრმა დაუჭირა, 96 წინააღმდეგი იყო, 24-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. მიღებული კანონი ოფიციალურად ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კი ძალაში შევა.
ცვლილებები ჯამში 61 ქვეყანას შეეხება, რომელთა მოქალაქეებსაც ამჟამად შენგენის ზონაში 90 დღით დარჩენა შეუძლიათ (180-დღიან პერიოდში). ახალი მექანიზმი ევროკომისიას შესაძლებლობას აძლევს უსაფრთხოების საფრთხის არსებობის პირობებში ხელახლა დაუწესოს ქვეყანას სავიზო მოთხოვნა თავდაპირველად დროებით სანამ გამოძიება და დიალოგი მიმდინარეობს, შემდეგ კი უვადოდ თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება. შეჩერების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს შიდა უსაფრთხოების საკითხები, მაგალითად გაზრდილი კრიმინალური შემთხვევები ამ ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, ან ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ზრდა.
ვიზალიბერალიზაციის ამ დრომდე მოქმედი მექანიზმის თანახმად, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა, მესამე ქვეყნებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული 90-დღიან ლიმიტის დარღვევების დიდი რაოდენობა ფიქსირდება ან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, უვიზო მიმოსვლას ბოროტად იყენებენ. ამ დრომდე ევროკავშირს ვიზალიბერალიზაცია შეჩერებული აქვს მხოლოდ ვანუატუსთვის. თავდაპირველად დროებით შეუჩერეს, შემდეგ – სამუდამოდ.

