ახალი ამბები

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო.

ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩეველი ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებს აირჩევენ. უფრო კონკრეტულად კი, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადით 64 მერის და 64 საკრებულოს 2 058 წევრის არჩევა მოხდება.

მუნიციპალური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 12-ვე პარტიამ წარადგინა.

ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური გაერთიანებების ნაწილი პროტესტის ნიშნად ბოიკოტს უცხადებს. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, “კოალიცია ცვლილებისთვის“, “ფედერალისტებმა“ და სხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. არჩევნებში მონაწილეობს „ლელო-ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ეს ორი პარტია არჩევნების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდა, მათ შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს და რამდენიმე საარჩევნო ოლქში მხარდამჭერებს ურთიერთშეთანხმებული კანდიდატები წარუდგინეს.

4 ოქტომბრის არჩევნებში შემდეგი პარტიები იღებენ მონაწილეობას:

„მამული, ენა, სარწმუნოება“ – #1

„კონსერვატორები საქართველოსთვის“ – #3

„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – #5

„თავისუფალი საქართველო“ – #7

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – #8

„ძლიერი საქართველო-ლელო“ – #9

„საქართველო“ – #11

„მწვანეთა პარტია“ – #12

„სახალხო ხელისუფლება“ – #14

„გახარია საქართველოსთვის“ – #25

„გირჩი“ – #36

„ქართული ოცნება“ – #41

თბილისში მერობის 9 კანდიდატია რეგისტრირებული. დედაქალაქის მერობის კანდიდატები არიან:

გიორგი გაჩეჩილაძე – „მწვანეთა პარტია“;

კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველო“;

ზურაბ მახარაძე – „კონსერვატორები საქართველოსთვის“;

ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველო-ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საერთო კანდიდატი;

ოთარ ჭითანავა – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

კახა კალაძე – „ქართული ოცნება“;

გიორგი ლილუაშვილი – „საქართველო“;

თეიმურაზ ბოკელავაძე – „მამული, ენა, სარწმუნოება“;

იაგო ხვიჩია – „გირჩი“.

თბილისის გარდა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში – 160 კანდიდატი. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია – 32 კანდიდატი.