თელავში „თელავი მოლი“ ნოემბერში გაიხსნება
ნოემბერში, თელავში პირველი თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „თელავი მოლი“ გაიხსნება. ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პაპუნა კაციტაძემ განაცხადა.
„ემპი დეველოპმენტი“, რომელიც 2012 წლიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებს, უკვე 17 კომერციულ ობიექტს ფლობს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის 13 სავაჭრო ცენტრსა და 4 მულტიფუნქციურ ობიექტს ავტომაგისტრალებზე. ხოლო, „თელავი მოლი“ კომპანიის რიგით მე-18 მასშტაბური პროექტი იქნება.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, თელავში ახალი პროექტი ოთხ ფაზად ხორციელდება. პირველ ეტაპზე სავაჭრო ცენტრი გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბრენდები, კინოთეატრი, ე.წ. ფუდკორტი და გასართობი სივრცეები. მეორე ფაზა მოიცავს სამშენებლო ჰიპერმარკეტის მშენებლობას, მესამე – გამაჯანსაღებელ ცენტრს, ხოლო მეოთხე ფაზაში, ავეჯის სახლს, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების ავეჯი გაიყიდება.
პაპუნა კაციტაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრი უკვე 80%-ით გაქირავებულია : “პროექტის გახსნამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ვიწყებთ ამ პროცესს და როგორც წესი, შემდეგ მოიჯარეებსაც დრო სჭირდებათ, რა თქმა უნდა, რემონტისთვის, შემოსვლისთვის.
მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამჟამად, მოიჯარე ბრენდების მხრიდან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც უკვე დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე, ბიზნესს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, რომ დარჩენილი ფართიდან ერთი-ორი ფართი აარჩიონ და მაღაზია გახსნან თელავში. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ სულ მალე ამის საშუალება აღარ ექნებათ, იმიტომ, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია”, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ „ემპი დეველოპმენტი“ საკუთარი სავაჭრო ობიექტების ენერგომომარაგებას 5 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურით ახორციელებს და მომავალშიც გეგმავს მწვანე ენერგიის მიმართულებით განვითარებას.
კომპანიის სტრატეგია რეგიონული განვითარების ხელშეწყობას ეფუძნება, თუმცა კაციტაძის თქმით, კახეთის შემდეგ „ემპი დეველოპმენტი“ თბილისის ბაზარზეც გეგმავს შესვლას, სადაც საცხოვრებელი კომპლექსების ქვეშ არსებული კომერციული ფართებისა და საოფისე ბიზნესცენტრების განვითარებას აპირებს.

