ცვლილებები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა
2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდა.
გთავაზობთ იმ რეგულაციების, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა:
ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს
დღეიდან, 1-ლი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში, ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას.
ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს – „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.
ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს შეკვეთების გაგზავნა ელფოსტაზე – sales@mhpa.ge შეეძლებათ. შეკვეთის გასაკეთებლად, მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კანონდამრღვევი უცხოელების გაძევება მარტივდება
2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იმ უცხოელებისთვის, რომელთაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს, კანონი მკაცრდება. მარტივდება ქვეყნიდან გაძევება და ასევე იზრდება ჯარიმების მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, თუ უცხოელმა დაარღვია ქვეყანაში ყოფნის ვადები, დაეკისრება ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე, ამასთან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აეკრძალება საქართველოში შემოსვლა.
გარდა ამისა, „სისხლის სამართლის კოდექსის“ მიხედვით, 1-ლი ოქტომბრიდან მარტივდება იმ უცხოელების გაძევება, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.
ამასთან, კანონის მიხედვით, უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ აღსრულდება, თუ უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება გაძევებას ექსტრადიციის ინიციატორ სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს სახელმწიფო ითხოვს.
გარკვეული სატრანსპორტო საშუალებებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა 2-ეტაპიანი ხდება
დღეიდან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები განსხვავებული წესით ჩატარდება. კერძოდ, როგორც მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი, 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
შესაბამისად, უკვე დღეიდან, ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.
ზემო ლარსზე ავტომობილებისთვის დაჯავშნის სისტემა ამოქმედდა
2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან რუსეთის საბაჟოს ჩრდილოკავკასიის სამმართველო ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილებისთვის ტერმინალთან მისვლის თარიღისა და დროის დაჯავშნის სისტემა ამოქმედდა. კერძოდ, სატვირთოების მძღოლები თარიღისა და დროის დაჯავშნას გადაზიდვის ელექტრონული დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის პორტალზე შეძლებენ. ელექტრონული რიგის გამოყენებით ზემო ლარსის გადაკვეთის პროცედურას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ქვესაუწყებო დაწესებულება, „როსგრანსტროი“ გაუწევს კოორდინაციას.
ცნობისთვის, ზემო ლარსი რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი მოქმედი საკონტროლო – გამშვები პუნქტია, რომლის გავლითაც გაედინება ორ ქვეყანას შორის, ასევე თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით ყველა სატრანსპორტო ნაკადი, რაც ხშირად რიგების წარმოქმნას იწვევს. სიტუაციას ართულებს არასასურველი ამინდის პირობები, რის გამოც, განსაკუთრებით ზამთარში მოძრაობა ხშირად შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აგვისტოდან ზემო ლარსზე ელექტრონული რიგის ანალოგი ფუნქციონირებს, რომელიც საშუალებას იძლევა გადამზიდავისგან მიიღოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების რიგითი ნომერი და თვალყური ადევნოს მათ დაგროვება – გაწოვას, თუმცა საზღვრის გადაკვეთის დროის წინასწარ დაჯავშნის შესაძლებლობას არ იძლევა.

