ახალი ამბები

საბარათე გადახდებზე საკომისიოს ზედა ზღვარი დაწესდება – რა წერია კანონპროექტში

სავაჭრო ობიექტების საბარათე გადახდებზე საკომისიოს ზედა ზღვარი წესდება. ამის შესახებ კანონპროექტი უკვე მომზადებულია, რომლის ავტორიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და კიდევ 11 დეპუტატია.

უფრო კონკრეტულად, ცვლილებები იგეგმება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, ახლა სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მიერ საბარათე ინსტრუმენტით მიღებული გადახდებისას გადახდილი სავაჭრო ობიექტის საკომისიო არ ექვემდებარება ზღვრულ რეგულირებას. შესაბამისად, როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ტიპის სავაჭრო/მომსახურების ობიექტების, საგადახდო სქემის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდო ინსტრუმენტის მიხედვით.

პროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ეს ქმნის არაპროგნოზირებად საფასო გარემოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მიხედვით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის სავალდებულო ხდება, რომ არადისკრიმინაციული მიდგომა გამოიყენოს ამ ოპერაციებთან მიმართებაში. ცვლილებებით, განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილება დაადგინოს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ან გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსის მქონე საგადახდო სისტემის ფარგლებში გაწეული მომსახურების საკომისიო ან/და მისი დაანგარიშების წესი.

რაც შეეხება მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ქვეკატეგორიებს, პროექტის მიხედვით დგინდება როგორც სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემა , ისე გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემა.

ამასთან, ამავე წესითაა განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც საგადახდო სისტემას მიენიჭება ესა თუ ის სტატუსი.

კერძოდ, სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი ენიჭება საგადახდო სისტემას, რომელსაც ჰყავს ორი ან მეტი მონაწილე და დაკმაყოფილებულია შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი:

· საგადახდო სისტემაში დღიური საშუალო ბრუნვა აღემატება 200 მლნ ლარს;

· საგადახდო სისტემაში ხორციელდება ლარით შესრულებული უნაღდო საცალო გადახდების საერთო თანხის 75%-ზე მეტი;

· საგადახდო სისტემა გამოიყენება სხვა საგადახდო სისტემების (ფულადი სახსრების საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემების, კლირინგის სისტემების) ანგარიშსწორებისათვის.

გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი ენიჭება საგადახდო სისტემას, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი:

· საგადახდო სისტემაში წლის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების საშუალო დღიური თანხობრივი ბრუნვა აღემატება ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის შესაბამისი მაჩვენებლის 10%-ს;

· შესაბამისი ბაზრის სეგმენტზე საგადახდო სისტემაში განხორციელებული გადახდების წილი აღემატება 25%-ს;

· საგადახდო სისტემას აქვს სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობა მის მიერ განხორციელებული მომსახურების, მათ შორის გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით.

ამასთანავე, კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით, საკომისიოს ოდენობა, როგორც წესი, გაუმჭვირვალეა მიმღებისთვის. შესაბამისად, ცვლილებები მიზნად ისახავს:

· დაადგინოს სავაჭრო ობიექტის საკომისიოს დეფინიცია და განისაზღვროს სავაჭრო ობიექტის საკომისიოს ზედა ზღვარი თითოეული გადახდის ოპერაციის თანხიდან 0,5 % ოდენობით იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთათვის, რომლებიც წარმოადგენენ სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკს ან/და ასეთი კომერციული ბანკის ჯგუფში შემავალ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს;

· დაწესდეს ვალდებულება პროვაიდერებისთვის, მიაწოდონ მიმღებს დეტალური ინფორმაცია საკომისიოს, მათ შორის მისი შემადგენელი ნაწილების შესახებ;

· ეროვნულ ბანკს მიენიჭება უფლებამოსილება მონიტორინგი გაუწიოს ურთიერთგაცვლის საკომისიოს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სავაჭრო ობიექტის საკომისიოს შემცირებას თან სდევდეს ურთიერთგაცვლის საკომისიოს პროპორციული შემცირება. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება დაადგინოს ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზღვრები.

პროექტის მიხედვით, დამატებით ეროვნულ ბანკს მიეცემა უფლებამოსილება განსაზღვროს მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის ფარგლებში გაწეული მომსახურების საკომისიოს გაანგარიშების წესი ან/და საკომისიოს, ან მისი შემადგენელი ცალკეული კომპონენტის ზედა ზღვარი.