ახალი ამბები

ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება – როდიდან ამოქმედდება

ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვეტერინარებს სერტიფიცირების ვალდებულება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

სააგნეტოს ცნობით, საქართველოს მთავრობის №288 დადგენილების „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან, ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აიკრძალება.

სეს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად პირი ვალდებულია, მიმართოს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი, ვეტერინარის სერტიფიკატი ან შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

„2026 წლის იანვრამდე სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2030 წლის პირველ იანვრამდე განისაზღვრება.

წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროგრამების/პროექტების (რომლებიც უშუალოდ არ ეწევიან ვეტერინარულ პრაქტიკას) ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერინარის საქმიანობის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს: საერთაშორისო სტანდარტის ვეტერინარული სერვისების მიწოდებას, მოქალაქეებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.