თელავში ღვინის სახლის გახსნა იგეგმება
საოჯახო მეღვინეობა „ჭონას მარანი“ თელავში, ღვინის სახლის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში მეღვინეობის დამფუძნებელმა მიხეილ ჭონაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი სივრცე მოიცავს მარანს, ღვინის საცავსა და სადეგუსტაციო სივრცეს, რომელთაგან სადეგუსტაციო სივრცეში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და საბოლოოდ, ოფიციალური გახსნა გაზაფხულზეა დაგეგმილი.
„თელავში ავაშენეთ ღვინის სახლი, სადაც არის ჩვენი სადეგუსტაციო სივრცე, ღვინის საცავი და მარანი. სადეგუსტაციო სივრცე ახლა რემონტის პროცესშია, თუმცა ღვინის მარანი და საცავი უკვე ფუნქციურია და სტუმრებსაც ვიღებთ“, – თქვა მან.
მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს. მიხეილ ჭონაშვილის თქმით, მშენებლობისთვის აგროსესხი სამი წლის წინ აიღეს, 300 000 ლარის ოდენობით, თუმცა დროთა განმავლობაში თანხის დამატება გახდა საჭირო.
ცნობისთვის, მარნის ვენახები კურდღელაურში, წინანდლის და მუკუზნის ზონაშია გაშენებული. მეღვინეობაში 6 სახის ღვინო იწარმოება. კერძოდ, რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, საფერავი და ამ ჯიშების სეპაჟები (როდესაც რამდენიმე ჯიშის ყურძენს ერთმანეთში ურევენ).

