EU საქართველოში უსამართლოდ დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრების გვერდით დგას – ანიტა ჰიპერი
“ევროკავშირი უსამართლოდ დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრების გვერდით დგას” – ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა TV Formula-ს ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, აპირებს თუ არა ევროკომისია კონკრეტული ზომების მიღებას, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ფონზე.
“პირველ რიგში, ევროკავშირი საქართველოში ელენეს და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დგას. ჩვენი სრული სოლიდარობა მათ და მოვუწოდებთ [მთავრობას] მათი დაუყოვნებლივ გამოშვებისკენ.
ჩვენი მხრიდან ზომები უკვე მივიღეთ და ვაგრძელებთ სხვა გზებისა და ვარიანტების შესწავლას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, რაც ვნახეთ; ეს უკვე დაიწყო უმაღლესი წარმომადგენლის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მეშვეობით, ასევე ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე. ასევე, მიღებული გადაწყვეტილებები მოიცავს დამატებით ვარიანტებს, თუ რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ, სანქციებიდან დაწყებული უვიზო რეჟიმის შეჩერებით გაგრძელებული და სხვა ვარიანტებით.
მანამდე, როგორც უკვე ვისაუბრეთ, სრულად შევამცირეთ ჩვენი პოლიტიკური კონტრაქტები, შევუწყვიტეთ ფინანსური დახმარება საქართველოს ხელისუფლებას და გავზარდეთ ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისადმი”, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, 15 სექტემბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. ხოშტარიას დაკავება უკავშირდება თბილისში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტს. ხოშტარიას პროკურატურამ ბრალი 87-ე მუხლით წარუდგინა.

