ახალი ამბები

მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის გამოცდებში ცვლილებები შედის

მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებში ცვლილებებია.

როგორც მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი, 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

ამასთან, მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. 365-დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავის და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ.

ცნობისთვის, „CE“ – ეს არის “C”კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

“DE” – არის D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს.