ახალი ამბები

უნიკალური ღვინის სასმისი, რომელზეც რთვლის პროცესია ასახული

ისტორიკოსის თმაზ მარკოზაშვილის იინფორმაციით, სოფელ ჭერემში აღმოჩენილია უნიკალური ღვინის სასმისი (თასი), რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება. უნიკალური არტეფაქტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.

თასის ისტორია კი ასეთია:

..თასი სოფელ მუკუზნის მკვიდრს გასული საუკუნის 90-იან წლებში მდ. ჭერმისხევის მარცხენა ნაპირზე უპივია. სოკოს საკრეფად ჭერმისხევზე წასულს, ექსკავატორისგან გაჭრილ თხრილში რაღაც მრგვალი ნივთი შეუნიშნავს, რომელიც ტალახით ყოფილა დაფარული. სახლში წაუღია, გაურეცხავს და ბუხრის თავზე შემოუდგავს. ოჯახში წინაპრების სადღეგრძელოს, ამ ღვინის თასიდან სვავდნენ. ხმა გავარდა კახეთში, მუკუზანში ერთ ოჯახში გორგასალის პერიოდის ღვინის თასი ინახებაო, იქნებ ვახტანგ გორგასალსაც ეკუთვნოდაო.
ბევრს უნდოდა ამ ღვინის თასის ყიდვა, მათ შორის უცხოელებსაც, მაგრამ მასპინძელი ყველას უარით ისტუმრებდა. ბოლოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ბატონი ლევან ჭილაშვილი ესტუმრათ, რომელმაც განაცხადა რომ ღვინის თასი საქართველოდან არ უნდა გასულიყო. შედგა მოლაპარაკება, ერთ-ერთმა ბანკმა მპოვნელს გადაუხადა გარკვეული თანხა და უნიკალური არტეფაქტი ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა.
ღვინის თასი დამზადებულია ვერცხლისგან და მოოქროვილია. თასი შემკულია, ვაზის და ყურძნის რელიეფური ორნამენტებით და ასახულია რთვლის პროცესი. თასის ძირზე , ტახის თავია გამოსახული, ხოლო თასის შიდა მხარეს ჯვარი. თასი, მეცნიერებმა დაათარიღეს 5-6 საუკუნეებით. ჭერმისხევზე აღმოჩენილი ღვინის თასი, ადრეული შუასაუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშია.
გურჯაანის სავიზიტო ბარათი, ყველაწმინდის ორგუმბათოვან ტაძართან ერთად იქნება, ჭერმისხევზე აღმოჩენილი უნიკალური ღვინის თასი”.

ფოტოები: თამაზ მარკოზაშვილი