ახალი ამბები

მევენახეობაში ლოკოკინების დაზიანება დიდი ზიანის მომტანი არ არის

ტენიანობის მაღალი მოთხოვნილების გამო, ლოკოკინა იშვიათ მავნებელს წარმოადგენს, განსაკუთრებით მევენახეობის მშრალ და ცხელ ადგილებში. თუმცა, ნესტიან პირობებში ისინი შეიძლება დიდი რაოდენობით გამოჩნდენ, ამასთან არა მხოლოდ ვაზზე.
მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტიული, სრულმსხმოიარე ვაზისათვის მიყენებული ზიანი, როგორც წესი მცირეა, ახალშენი ვენახები და განსაკუთრებით ახლად ამოსული ზოგიერთი სხვა კულტურა, შეიძლება, ლოკოკინების მიერ საკმაო დაზიანების ობიექტი გახდეს. ლოკოკინას მიერ კვირტების, მწვანე ყლორტების, ყლორტების წვერებისა და მარცვლის დაზიანება სუსტად შესამჩნევია. ლოკოკინების მავნებლობით ხშირად ვაზის ახალგაზრდა ფოთლებიდან მხოლოდ მთავარი ძარღვებიღა რჩება.
მცენარის დაზიანებულ ნაწილებზე დამახასიათებელი ვერცხლისფერი ლორწოს კვალი და ექსკრემენტების გროვები უტყუარი ნიშანია, რომ ზიანის მიზეზი ლოკოკინაა. ლოკოკინები (ივლისი/აგვისტო) საკვებ მცენარეებთან ახლოს დებენ კვერცხებს, საიდანაც შემოდგომით (ძალზე იშვიათად მომდევნო გაზაფხულზე) იჩეკება ახალი თაობა. ლოკოკინებს მათი ბუნებრივი მტრები საკმაოდ ანადგურებენ. ასეთებია, მაგალითად: შაშვი, ყვავი, შოშია, ზღარბი, გომბეშო, თხუნელა და ზოგიერთი მტაცებელი ხოჭო.
მევენახეობის ბიო და ბიოდინამიური მიმართულების შემთხვევაში ვენახებში გარკვეული რაოდენობითა და ამასთან გარკვეულ პერიოდში უშვებენ იხვებს ან ბატებს, რომლებიც ვენახში მყოფ მავნებელ ლოკოკინებს თითქმის მთლიანად ანადგურებენ. მათ წინააღმდეგ გამოიყენება ქიმიური შხამ-ქიმიკატებიც. ლოკოკინების ვაზზე შემჩნევის შემთხვევაში მათ მექანიკურად აგროვენენ და ანადგურებენ. მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მევენახეობაში ლოკოკინების დაზიანება დიდი ზიანის მომტანი არ არის.