ახალი ამბები

როგორია მოლოდინები რთველზე – რა უნდა ღირდეს ყურძენი

მალე კახეთში რთველი დაიწყება. კახეთში, სადაც სოფლის მეურნეობის თითქმის 70% მევენახეობას უკავია, ყურძნის ფასი ბევრი მევენახის ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელია.

2025 წლის რთველი მევენახეებისთვის სიახლეებით დაიწყება. კერძოდ, გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის აღრიცხვა ელექტრონული სასწორის მეშვეობით მოხდება. ყველა ის კომპანია, რომელიც მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს, ვალდებულია იქონიოს ელექტრონული სასწორი, რომელიც რთველის ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება ჩართული.

სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ ბაზაში ავტომატურად აისახება კომპანიის მიერ შესყიდული ყურძნის რაოდენობა. უწყებაში აცხადებენ, რომ „ელექტრონული სასწორის გამოყენება მონაცემთა აღრიცხვას გაამარტივებს და მეტად დაზუსტებულს გახდის.

რაც შეეხება ყურძნის ფასს, სახელმწიფოს წელს აქვს განსხვავებული მიდგომა. ხარისხიან და უხარისხო ყურძენს ერთ ფასად აღარ ჩაიბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ დადგენილ ფასად ჩაიბარებს.

,,საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის. რთვლის ფარგლებში, საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად“,– აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება ფასებს, კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 1,50 ლარით განისაზღვრა, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშების ყურძნის- 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1,00 ლარია, ხოლო დაზიანებულ/დაავადებული ყურძნის – 1,00 ლარი.

რეგიონში მცხოვრები მევენახეები აღნიშნულს აფასებენ და ამბობენ რომ წლიდან წლამდე პრობლემები არ იცვლება. რთვლის დროს ყოველთვის პრობლემად რჩებოდა ყურძნის ფასი. ამბობენ, რომ გლეხის შრომას ფასი არასდროს ქონია. მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ახდენს, თუმცა მათივე თქმით, მევენახეების დასახმარებლად მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფაა საჭირო. ყურძნის მოყვანა მათთვის მომგებიანი აღარ არის, რადგან ყოველ წელს მოსავლის მოსაყვანად დიდ თანხას ხარჯავენ, თუმცა მის ანაზღაურებას ვერ ახერხებენ.

,,ვენახს იცით რამდენი შრომა სჭირდება? გარდა შრომისა, ფინანსური რესურსი. რქაწითელი ჩემი აზრით სულ მცირე 3 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ასე ფიქრობს ყველა მევენახე, ვის მოსწონს 1 ლარი და ლარნახევარი ტანჯვით მოყვანილ მოსავალში”?

,,იმ თანხასაც ვერ ამოვიღებთ, რაც დავხარჯეთ. საწყალი გლეხი მთელი წელი მზეზე მუშაობს, ნასესხები ფულით აკეთებს ბევრი ვენახს და რა შერჩება ხელში?”

,,ამდენი წვალება წყალში ეყრება ადამიანს. ერთი კონა მწვანილი ღირს 2 ლარი და ყურძენს 1 ლარად იბარებენ? ხარჯსაც ვერ დაფარავს, რომელ მოგებაზეა საუბარი? რა გამოდის, რომ ყველამ ტყემლისა და ქლიავის ბაღები გავაშენოთ?”

სიახლეებთან დაკავშირებით მოსაზრებები სხვადასხვაგვარია. „ასკანელის“ დირექტორი ისურვებდა, რომ რთველის სუბსიდირების პროგრამაში შესული ცვლილებები უფრო დაბალანსებული ყოფილიყო. ირაკლი უგლავას შეფასებით, კერძო კომპანიების სუბსიდირების პროგრამიდან გათიშვა და ამავე დროს შესასყიდი ყურძნის მინიმალური ფასის გაზრდა მხოლოდ ფერმერებზე გათვლილი გადაწყვეტილებაა, რაც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის მძიმე გადასატანი იქნება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან განაცხადა.

„ცოტა უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომ მიეღოთ, მაგალითად მხოლოდ სუბსიდია მოეხსნათ და მინიმალური ფასი იგივე დარჩენილიყო, უკეთესი იქნებოდა. აქ ორივე ერთად გაკეთდა – ხარისხიან ყურძენზე ფასი აუწიეს და სუბსიდირება მოიხსნა, რაც ალკოჰოლური კომპანიებისთვის ნედლეულს ძალიან აძვირებს, რასაც ალბათ, მოჰყვება პროდუქციის გაძვირება, რეალიზაციის შემცირება. გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ იქნება არ ვიცი. წელს მხოლოდ სუბსიდიის მოხსნა უკეთესი იქნებოდა, ორივე ერთად კი ალკოჰოლის მწარმოებლებისთვის მძიმე გადასატანი იქნება. ვნახოთ, მომავალი წელი რას გვიჩვენებს“, – განმარტა ირაკლი უგლავამ.

„ასკანელის“ დირექტორი იმასაც ამბობს, რომ სუბსიდირებიდან გასვლის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის ფასის განსაზღვრა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება და კერძო კომპანიებს ნედლეულს უძვირებს. ირაკლი უგლავას შეფასებით, ეს მხოლოდ ფერმერებზე მორგებული გადაწყვეტილებაა და ის, ისურვებდა კერძო კომპანიების აზრი სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიღებისას მეტად გაეთვალისწინებინა.

„2 თვის წინ მინისტრთან გვქონდა შეხვედრა და გაჟღერდა, რომ ყურძნის ფასი ხარისხის მიხედვით იქნებოდა, მაგრამ მაშინ დაზუსტებული სქემა რა მექანიზმი იმუშავებდა არ ვიცოდით. ახლა განცხადებული ინფორმაციით, პრაქტიკულად არაკონდიციური ყურძნის გარდა ყველა ტიპის ყურძნის ფასი 1.20 ლარი იქნება. ბაზარი თუ მუშაობს, როცა მინიმალური ფასი 1 ლარია, მაშინ სახელმწიფოს თუ სუბსიდიას ხსნის ფასის დადგენაშიც არ უნდა ერეოდეს. არის შემთხვევები, როდესაც მაღალ ხარისხიან ყურძენს 2.20 ლარადაც ვიბარებდით. როცა სახელმწიფო გიწესებს ფასს და ამავე დროს სუბსიდიასაც ხსნის, საბაზრო პრინციპებით თამაში აღარ გამოდის, პრაქტიკულად მხოლოდ ფერმერებზე გათვლილი გადაწყვეტილებაა. ფერმერები კმაყოფილები დარჩებიან, ჩვენ კი საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგებით, გაძვირებული სანედლეულო ბაზით. რეალურად კომპანიის ინტერესები უფრო მეტად, რომ გაეთვალისწინებინათ, უკეთესი იქნებოდა.
ამ შეფასების გამოხატვის საშუალება არ გვქონია, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩვენც ახლა გავიგეთ. ღვინის ეროვნულ სააგენტოში თავის განწყობებს გამოხატავენ კომპანიები, თუმცა არ ვიცი მიღებულ გადაწყვეტილებაში რა შეიცვლება. ამ ნაწილში მგონია, რომ ჩვენი ინტერესები ილახება“
, – განაცხადა ირაკლი უგლავამ.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში“ სერტიფიცირების სპეციალისტი ილია კუნჭულია, ცვლილებას დადებითად აფასებს, რადგან მისი თქმით, ძველი რეფორმა ძირითადად ღვინის დიდ ქარხნებზე იყო მორგებული, მთავარი რგოლი, ფერმერი კი მხოლოდ საკუთარი ხარჯის ამოღებაზე მუშაობდა. აღნიშნავს, რომ თუ როგორ იმუშავებს ცვლილება, ეს მაინც რთველის შემდეგ უნდა შეფასდეს, თუმცა მისი თქმით, ეს უკვე არის შესაძლებლობა, რომ ფერმერებმა საკუთარი ბიზნეს მოდელი შეცვალონ და არა ხოლოდ ჩაბარებაზე, არამედ ღვინის წარმოებაზეც იფიქრონ.

„ზოგადად, ყურძნის სუბსიდირების სისტემა თუ როგორც მუშაობდა, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამაზე დარგში ყველა თანხმდებოდა, რომ არ იყო გამართული და მრავალი ხარვეზი ჰქონდა. ეს არ იყო მოსაწონი იმ ფერმერებისთვის, ვინც ყურძენს აბარებდა და გარკვეულწილად უფრო ღვინის ქარხნებზე იყო მორგებული, ვინც იღებდა სუბსიდიას. დარგის სპეციალისტები, ასოციაციები, ბაზრები, ყველა ითხოვდა, რომ მომხდარიყო რეფორმა, რადგან იმავეს თუ გავაგრძელებდით, იგივე შედეგს მივიღებდით, რაც ამ წლების განმავლობაში გვქონდა – უკმაყოფილო იყო ძირითადი სამიზნე ჯგუფი, ფერმერები. შესაბამისად, ის რომ, რაღაც შეიცვალა, უკვე კარგი ფაქტია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ შედარებით ხარისხზე გაკეთდა აქცენტი და მხოლოდ რაოდენობა აღარ არის მთავარი ამოსავალი წერტილი, ყურძნის ჩაბარების პერიოდში.

ფერმერები ფასითაც არ იყვნენ კმაყოფილი, რადგან მაგალითად, რქაწითელი 1 ლარი ღირდა. ამ დროს, ძალიან გაიზარდა საწარმოო ხარჯები, განსაკუთრებით კრეფის ნაწილში და 1 ლარი 15 წლის წინ რაც იყო, დღეს იგივე რა თქმა უნდა, აღარ არის. ფაქტობრივად, მოგება აღარ რჩებოდათ ფერმერებს. მთელი წელი ფულს ხარჯავდნენ და მოსავალს რომ იღებდნენ, ამ დახარჯულ ფულს იღებდნენ ერთიანად, ეგ იყო ეგ. შუაში რომ სეტყვა მოსულიყო, ან შეწამვლის დროს რამე დაზიანებულიყო, ფაქტობრივად, ზარალი იყო. შესაბამისად, თუ მანამდე 100%-ით იყვნენ ორიენტირებულნი, მოსავალი აეღოთ და ჩაებარებინათ, ამ რეფორმამ შეიძლება გამოიწვიოს, რომ დაფიქრდნენ ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებაზე და მეორე, ბიზნეს მოდელის დივერსიფიცირებაზე, რომ ღვინის წარმოება დაიწყონ თვითონაც და აღარ ჩააბარონ. მით უმეტეს, რომ შემცირდა ის გეოგრაფიული არეალი, სადაც შეეძლოთ ყურძნის ჩაბარება, რადგან კერძო კომპანიები სუბსიდირების ნაწილში ამოვარდნენ.

რაც შეეხება მცირე და საშუალო მარნებს, მათთვის დიდად არაფერი იცვლება. იმიტომ, რომ კარგი ყურძენი, მაინც ლარზე მეტი ღირდა და ვინც ხარისხიან პროდუქტზე მუშაობდა, ისედაც უფრო მეტის გადახდა უწევდათ. ეს მტკივნეულად შეეხება მხოლოდ ღვინის დიდი ქარხნებს, ვინც ხშირად საკუთარ ყურძენში იღებდა სუბსიდიას. იქ არსებობდა გზები, რომ სხვაზე გაეფორმებინათ და თავისივე ყურძენში სახელმწიფოსგან ფული აეღოთ.
ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, რომ როდესაც რთველის სეზონი ჩაივლის, სწორად შეფასდეს როგორ იმუშავა ამ ყველაფერმა. რაც იყო პრობლემა როგორ გამოსწორდა და სახელმწიფომ გრძელვადიანი, 5, ან 10 10-წლიანი სტრატეგია გამოაცხადოს, როგორი იქნება მომდევნო წლებში ეს პროცესი, ფასთან, ხარისხთან, შემოწმებასთან დაკავშირებით. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა ჩართულმა მხარემ, მევენახეებმა, მეღვინეებმა, შეძლონ დაგეგმონ, თუ როგორ შეცვლიან მომდევნო წლებში საკუთარ ბიზნეს მოდელს“,
– ამბობს ილია კუნჭულია.