ახალი ამბები

ევროკომისარი – საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, მაიკლ მაკგრატმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ დემოკრატიულ ნორმებს შორდება. ჩვენ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატურ თავდასხმას ვხედავთ. მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, რომ დემოკრატიული ევროპული მომავლის მოთხოვნა გააგრძელონ. პოლიტიკური და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული კრიზისი კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში მკაფიოდ იყო აღნიშნული საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ისევე როგორც ხელისუფლების ანტი-ევროკავშირის რიტორიკა, რაც კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევა, შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება და სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება – ეს ყველაფერი ვერ აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაფართოების ანგარიში აღიქვას, როგორც შესაძლებლობა, რათა შეცვალოს კურსი, ნდობა აღადგინოს და ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი მათ ხელშია“, – განაცხადა მაიკლ მაკგრატმა.

მისი თქმით, „საქართველო აგრძელებს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის იმ კრიტერიუმების დარღვევას, რომლებიც უვიზო რეჟიმის პირობებს წარმოადგენს“.

„უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. წლის ბოლომდე კი ახალი წესები ძალაში შევა. ახალი წესები მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების მხარდაჭერას. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჩვენი კარი კვლავ ღია რჩება, თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის კურსს შეცვლის და გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ ერთგულებას გამოხატავს“, – აღნიშნა ევროკომისარმა.