სოფელ ომალოში ,,თუშეთობა 2025” გაიმართა
თუშეთში, სოფელ ომალოში, თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში, ,,თუშეთობა 2025” გაიმართა. ღონისძიება, ტრადიციულად, დოღით დაიწყო.
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და დები ზვიადაურების კონცერტი გაიმართა. მოეწყო თექისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. სტუმრებისთვის ტრადიციული თუშური კერძების დეგუსტაციაც ჩატარდა.
ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს, ასევე, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, რომელიც ვიზუალური და ტექსტური მასალების სახით იყო წარმოდგენილი.
თუშეთის ეროვნული პარკი საქართველოს გამორჩეული დაცული ტერიტორიაა. ეროვნულ პარკში ფუნქციონირებს 11 ტურისტული მარშრუტი, რომლებიც თუშეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტების დიდ ნაწილს მოიცავს.

