წელს, 3-4-5 დღიან ტურებში თუშეთი ლიდერობს
„წელს თუშეთი და სვანეთი უკონკურენტოა“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ფენომენალური ტურების“ დამფუძნებელმა გიორგი ნათენაძემ აღნიშნა.
„წელს, 3-4-5 დღიან ტურებში ლიდერობს თუშეთი და, ფაქტობრივად, ასეთივე მოთხოვნაა სვანეთზე (აქაც 4-5-დღიან ტურებზე). ეს ორი მიმართულება უკონკურენტოა. რაც შეეხება ერთდღიან ტურებს, წელს უფრო მოთხოვნადია სალაშქრო მარშრუტები, მაგალითად, თრუსოს ხეობა, სადაც 18 კილომეტრია სასიარულო, ჯუთა – 12 კილომეტრი, აბუდელაურის ფერადი ტბები და ა.შ. სადაც უფრო მთებია, ასეთი ლოკაციები უნდათ”.
მისივე თქმით, წელს ტურების ღირებულების ზრდაა მხოლოდ გარკვეულ ლოკაციებზე, ისიც მიზერულად, ადგილობრივი მომსახურების ფასების გათვალისწინებით მოხდა.
„ფაქტობრივად არ არის გაძვირებული. ზოგიერთი მიმართულებაა მხოლოდ (ერთდღიან ტურებში), რომელიც მაგალითად, თუ ღირდა 45 ლარი, გახდა 50 ლარი, მაგრამ თუშეთის ტური ისევ ის ფასია, რაც შარშან, 350 ლარი ღირს. თუ ვინმე რაიმე მომსახურების ღირებულებას არ ზრდის, ფასს იმავეს ვტოვებთ“, – ამბობს გიორგი ნათენაძე.

