ახალი ამბები

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ დღეს, 4 აგვისტოს დილით გაავრცელა ნატო ვაჩნაძის ფონდმა.

ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა. მისი მამა კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია იყო, დედა მსახიობი ნატო ვაჩნაძე.

1958 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში იყო კინოსტუდია „მოსფილმის”, ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის” კინორეჟისორი.

ელდარ შენგელაია იყო რეჟისორი ფილმების: „თეთრი ქარავანი”, „არაჩვეულებრივი გამოფენა”, „შერეკილები”, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” და სხვა.

ელდარ შენგელაია იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 1991 წლის 9 აპრილს ელდარ შენგელაია იყო მათ შორის, ვინც ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

1992 წლიდან ელდარ შენგელაია იყო საქართველოს მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.

გურჯაანის, ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლ- მუზეუმის ხელმძვანელი, როზა აფციაური აცხადებს, რომ ელდარ შენგელაია მუზეუმს ხშირად სტუმრობდა და მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.

,,წავიდა ლეგენდარული კინორეჟისორი, ის იყო ნატო ვაჩნაძის შვილი, ძალიან უყვარდა აქაურობა და ახალგაზრდობაში უფრო ხშირად ჩამოდიოდა. როცა აქ მოდიოდა, ყოველთვის ისე ათვალიერებდა თითოეულ ექსპონატს, როგორც პირველად. ჩვეულებრივი ვიზიტორივით იწყებდა მათ დათვალიერებას თავიდან ბოლომდე”,– აცხადებს როზა აფციაური.

გარდა სახლ- მუზეუმში სტუმრობისა, მისი თქმით, ნატო ვაჩნაძის შვილს, ასევე მოჰქონდა ექსპონატები და მათ სჩუქნიდათ.

,,ის იყო ცოცხალი მემატიანე, დედის შემოქმედების შესახებ ბევრს საუბრობდა. იხსენებდა თავის ბავშვობას, დედასთან დაკავშირებულ ამბებს.

ძალიან განვიცდით მის გარდაცვალებას. ის არამარტო ლეგენდარული კინორეჟისორი, არამედ საუკეთესო პიროვნება და ჩვენთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. ბოლოს აქ ორი წლის წინ იყო, როცა კიდევ ერთხელ დაათვალიერა მუზეუმში განთავსებული ექსპონატები, ცრემლები მოერია, თითქოს დაემშვიდობა მუზეუმს. მან შექმნა ეპოქა, ეპოქალური ფილმები და მსოფლიოს გააცნო ქართული კინემატოგრაფია. დიდი დანაკლისია ჩვენთვის, გურჯაანისთვის და სრულიად საქართველოსთვის”,- აცხადებს როზა აფციაური.

ნატალია (ნატო) გიორგის ასული ვაჩნაძე (ქალიშვილობის გვარია ანდრონიკაშვილი) საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობი იყო, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 1920-30-იან წლებში. ის ასევე იყო საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1941). მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ჰქმნიდა.

თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია „სახკინმრეწვი“ საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.

ნატო ვაჩნაძე ვარშავაში დაიბადა ძველი არისტოკრატიული შთამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში. მამა — გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი ვარშავაში მსახურობდა ოფიცრად. რამდენიმე თვეში გიორგი ანდრონიკაშვილი ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ხოლო 1910 წელს მთელი ოჯახით საქართველოში გადმოვიდნენ.

დედა — ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია იყო პოლონელი. დედის ბებია — ვოზოლი, იტალიელი მომღერალი, იგი იტალიიდან მოუწვევიათ თბილისში საოპერო თეატრის დაარსების დროს. თბილისში იგი ცოლად გაჰყვა კაპელმეისტერსა და კომპოზიტორს — შენინგს. მათი ქალიშვილი — ნატოს დედის დედა – ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელსაც მამა პოლონელი ჰყავდა, დედა კი — რუსი.

ნატოს მამა ადრე გარდაეცვალა. გიორგი ანდრონიკაშვილი რუსი ხელმწიფის სამსახურში მსახურობდა, თერგის ოლქის უფროსი იყო და მათგან მიიღო დავალება, რომ უნდა მოეკლა ვინმე ოსი ყაჩაღი სახელად ზელიმხანი, რომელიც 1901 წლიდან ყაჩაღობდა და მთავრობისთვის მოუხელთებელი იყო. ზელიმხანს პირადი შეურაცხყოფის გამო მდიდარი კაცი მოეკლა, ხოლო მისი ქონება ხალხისთვის დაერიგებინა და ყაჩაღობა ასე დაეწყო. როდესაც ზელიმხანს ეს გაუგია ნატოს მამისათვის შემოუთვლია, ქართველი კაცი არ მინდა მოვკლა და ჩემზე არ წამოხვიდეო. გიორგი ზელიმხანზე გალაშქრებისგან თავს იკავებდა, მაგრამ ერთი რუსი გენერალი ამუნათებდა, ზელიმხანი ამდენი ხანი დაჭერილი იქნებოდა, ფეხს რომ არ ითრევდეო. ანდრონიკაშვილი წასულა ყაჩაღის დასაჭერად, მაგრამ ზელიმხანს დაუსწრია და სასიკვდილოდ დაუჭრია.

ოთხი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი 10 წლის იყო, უმცროსი კი — წლინახევრის. დედამ შვილები წაიყვანა კახეთში, სადაც ქმრის განადგურებული მამული დახვდა. მიტოვებული სახლი და ვენახი ქმრის ვალების დაფარვას დასჭირდა. ოჯახი ბიძამ შეიფარა სოფელ ფხოველში. ეკატერინემ მალე ააშენა გურჯაანში ოთხოთახიანი პატარა სახლი და საცხოვრებლად იქ გადავიდნენ.

ნატო და მისი უფროსი და სწავლობდნენ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. უმცროსი და-ძმა კი გურჯანიის პირველ დაწყებით სკოლაში. მისი ერთ-ერთი და კირა ანდრონიკაშვილი აგრეთვე მსახიობი იყო.

 

 

ნატო აღმოაჩინა იმ დროს ძალიან ცნობილმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა. ნატოს ფოტოსურათი ბეკ-ნაზაროვმა რუსთაველის გამზირზე შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში შეამჩნია.

ამო ბეკ–ნაზაროვმა შაქრო ბერიშვილი გააგზავნა ნატოს მოსაძებნად. შაქრო მეორე რეჟისორის ფუნქციას ასრულებდა და ერთ–ერთი როლის შემსრულებელი იყო ფილმში „მამის მკვლელი“.

შაქრო ბერიშვილმა გაიგო ნატოს მისამართი, კითხვა-კითხვით მიაგნო გურჯაანში. ბერიშვილმა ნატო სამსახიობო ნიჭზე შეამოწმა, ამღერა და აცეკვა. თავიდან ვაჩნაძე კინოში მოღვაწეობაზე უარს ამბობდა, მაგრამ ბოლოს მაინც დასთანხმდა. პირველი როლი „არსენა ყაჩაღში“ შეასრულა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფილმ „სამი სიცოცხლის“ შემდეგ. ვაჩნაძე ხიბლავდა აუდიტორიას მიმზიდველობითა და სილამაზით. მისი მონაწილეობა ფილმში იყო გარანტი სტაბილური საკასო შემოსავლებისა.

1953 წლის 14 ივნისს, ნატო მოსკოვიდან თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიურ სოფელ ობუჯთან ახლოს განიცადა. მიზეზად უამინდობა დასახელდა.

ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. ის დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.