როგორ ყიდიან ფერმერები ატამს – გამოწვევები და შესაძლებლობები
წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 30 ათას ტონამდე ატმის მოსავალს ელოდებიან. ფერმერების ინფორმაციით, მოსავლის კრეფა აქტიურად მომდევნო კვირიდან დაიწყება.
გურჯაანის მუნიცპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფერმერები ამბობენ, რომ ერთი კილოგრამი ვაშლატამის ფასი 3,50 ლარს შეადგენს, ხოლო ატმის ფასი 2-დან – 3 ლარამდე მერყეობს.
,,წინა დღეებში 3.50 ლარი ღირდა, დღეს 2.50 და 2 ლარია. ხილი შემოდის და ფასები ქვემოთ იწევს. შესაბამისად, პროდუქტის რაოდენობა რომ იმატებს, ფასები კლებულობს,” – აცხადებს უჩა ქემაშვილი.
ატამი მრავალწლიან კულტურებს შორის კახეთის რეგიონში ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. ფერმერების განმარტებით, ატამი მალფუჭებადია, ამიტომ საჭიროა მისი კურკამდე გაყინვა და შემდეგ პროდუქტის რეალიზაცია. ამბობენ, რომ ატმის მიღება უკვე დაიწყო 4 სამაცივრე მეურნეობამ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. სამაციცრე შენახვის დროს კონტროლდება ტემპერატურა და ტენიანობა, რათა პროდუქტი ხანგრძლივად იყოს შენახული მის რეალიზებამდე.
,,ჯერ სამაცივრე მეურნეობები სრულად არ ამუშავებულა. ამ ეტაპზე, მხოლოდ 4 მაცივარი იღებს ატამს”.
ფერმერებისვე განცხადებით, პროდუქციის რეალიზების კუთხით ქართული ბაზარი არასტაბილურია. ამბობენ, რომ კახეთის რეგიონში არ არსებობს ხილის გადამამუშავებელი საწარმოები სადაც ფერმერები მეორადი ხარისხის ნაყოფს ჩააბარებენ.
,,ატამი ან ნებისმიერი სხვა ხილი რომ მცირედად ან მეტად იყოს დაზიანებული, მაინც ბაზარზე იყიდება შედარებით ნაკლებ ფასად. ეს კი კარგ პროდუქტს ფასს უკარგავს. ხილის რეალიზაცია თუ დროულად არ მოხდა, შეიძლება გადასაყრელიც გახდეს, რისი შემსწრენიც არაერთხელ გავმხდარვართ ამ წლების მანძილზე”, – ამბობს ვაჟა ძებისაშვილი.
მათივე თქმით, წლებია ისინი აგროსასურსათო ბაზრების გაუმართაობასა და პროდუქციის გასაღების პრობლემებზე ჩივიან. ეს ყველაფერი ერთობლიობაში პროდუქტის რეალიზაციას მკვეთრად აფერხებს.
,,მოსავლის მოსაყვანად უზარმაზარი შრომაა საჭირო. ჩვენი თავი არ გვენანება და ვმუშაობთ. მოყვანილს კი ჩალის ფასი აქვს. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კულტურას მოიყვან, ჩვენსას ფასი არ აქვს, იმპორტირებული იყიდება ყველაფერი. მაგალითად, კახეთის რეგინში, რომ იყოს ხილისა და თუნდაც ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხნები, ამოვისუნთქებდით. სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. უნდა იყოს ჩვენზე მორგებული პროგრამები, რომ შეგვეძლოს ჩვენი მოყვანილი ხილის თუ ბოსტნეულის ექსპორტი. სოფლის მეურნეობის დარგი უფრო განვითარდებოდა და გლეხის შრომასაც ფასი ექნებოდა”.
მომავალი კვირიდან ამოქმედდება ერთი ფანჯრის პრინციპი,რაც ექსპორტიორებს შესაბამისი დოკუმენტაციების შეგროვებას გაუადვილებს.

