მეაბრეშუმეობა-ხალხური რეწვის მივიწყებული დარგი
მეაბრეშუმეობა ერთ-ერთი მივიწყებული დარგია, რომელიც ფაქტობრივად, გაქრობის პირასაა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში მცხოვრები ლამარა ბეჟაშვილის თქმით, მეაბრეშუმეობა ხალხური რეწვის ერთ-ერთი მივიწყებული დარგია.
ლამარას საქმიანობა ბებიამ ასწავლა. იგი ამბობს, რომ წლებია, რაც მეაბრეშუმეობა როგორც დარგი არ ვითარდება. ის ცდილობს ტრადიციები შეინარჩუნოს და ცოდნა ახალგაზრდებსაც გადასცეს. მისი თქმით, ყველა პროდუქტი რასაც აბრეშუმის ჭია გვაძლევს, არის ანტიალერგიული, ანტისეპტიკური და ანტირადიაციული.
,,აგროტურისტული ობიექტი მაქვს და ძალიან მინდა როდესაც ტურისტი მოდის, ყველა ფაზა ნახოს ჭიის დაბადებიდან პარკის ამოხვევამდე. ამიტომ მყავს ყველა ასაკი და ვახდენ მათ გამოკვებას“.
გარდა სიღნაღისა, აბრეშუმის წარმოება ახმეტის მუნიციპალიტეტში 2023 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მეაბრეშუმეთა ასოციაციის თანადამფუძნებელი დალი ვეშაგურიძე აცხადებს, რომ 2023 წელს სულ ოთხმა ოჯახმა მოიყვანა პარკი ახმეტის მუნიციპალტეტში.
,,გასულ წელს შედარებით გაიზარდა აბრეშუმის ჭიის მომყვანი ოაჯხების რაოდენობა. 10 მა ოჯახმა მოიყვანა პარკი. გარდა ამისა, სურვილი გამოთქვა და მოიყვანა სოფელ ზემო ალვნის საჯარო სკოლამაც.
წელს კი, 15 ოჯახი ჩაერთო საქმიანობაში და ისევ იგივე სკოლა. ასევე, სამეგრელოსა და იმერეთში ფერმები ჩაერთნენ საქმიანობაში. 100 კილო აბრეშუმის პარკი აწარმოეს. პარკის წარმოება უახლოეს დღეებში დასრულდება“.
ვეშაგურიძეს თქმით, ასოციაცია ახდენს მივიწყებული დარგის პოპულარიზაციას და აბრეშუმის პარკის წარმოების ხელშეწყობას.
,,რთულია წარმოების აღდგენა, მაგრამ ხალხმა უნდა დაინახოს რომ მეაბრეშუმეობის დარგი არ არის დაკარგული. შესაძლებელია მისი ტრადიციული წესით გადამუშავება და ღირებული ნაწარმის შექმნა. ეს იქნება ძაფის დართვა ჯარაზე, შარფების, ჟილეტების, წინდების ქსოვა. ასევე, გამოიყენება საპნის წარმოებაში. ასევე, მიღებული ბამბით დავამზადოთ ბალიშები და საბნები. ოჯახებს აქვთ საშუალება, გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავალი. ჩვენი მიზანია რომ სექტორს ქონდეს მდგრადობა ქონდეს რეგულარული გახდეს აბრეშუმის წარმოება“.
დალი ვეშაგურიძეს განცხადებით, წარმოებაში ძირითადად, ქალები არიან ჩართულები. თუმცა, ზოგისთვის ეს უკვე ოჯახურ წარმოებათ იქცა.
,,ქალებს ეხმარებიან ოჯახის წევრები. მაგალითად, ჭიის გამოკვებაში, რომელსაც გამოკვება ჭირდება დღეში 4-5 ჯერ. ასევე, პირობების შექმნაში, დაცული უნდა იყოს ტენიანობა, ტემპერატურა. ჭია ძალზე სათუთი მოსავლელია, მგრძნობიარეები არიან. შრომატევადი საქმეა, რადგან ტემპერატურის რყევადობაზეც კი შესაძლოა, სიკვდილიანობა გამოიწვიოს“.
მისივე თქმით, აბრეშუმის პარკის წარმოება ნარჩენებს არ ტოვებს და გარემოს დაცვის კუთხით ძალიან მნიშნელოვან როლს ასრულებს.
,,ასოციაციამ შემნა აბრეშუმის ჭიის გამოზრდის სახელმძღვანელო. იძლება საუკეთესო რჩევებს როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ვისაც სურს რომ იყოლიოს ჭია“.