2024 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 14 785-მა ქართველმა მოითხოვა
COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 2022 წელს მაქსიმუმს – 28 460 განაცხადს მიაღწია. ISET-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის შემდეგ კლების ტემპი დაფიქსირდა. ასე მაგალითად, 2023 წელს განცხადების რაოდენობა 24 770-ს შეადგენდა, 2024 წელს კი 14 785-ს.
პუბლიკაციის მიხედვით, საფრანგეთი და გერმანია წამყვან მიმართულებებად დაფიქსირდა. ამავდროულად, 2020 წლის შემდეგ იტალიაში შეინიშნება ქართველი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის სტაბილური ზრდა.
გარდა ამისა, კვლევაში საუბარია ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ქართველებზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებზე. 2014-2023 წლებში ნებართვების უმეტესობის მიზნობრიობა დასაქმებას და ოჯახს უკავშირდებოდა.
ასე მაგალითად, 2021 და 2022 წლებში დასაქმებასთან დაკავშირებული ნებართვების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა და 2023 წელსაც მაღალი დარჩა. კვლევის ავტორები წერენ, რომ აღნიშნული ტენდენცია შრომითი მიგრაციის ზრდაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში განათლებასთან დაკავშირებული ნებართვები შედარებით სტაბილური და მცირე იყო, ხოლო თავშესაფრისა და დამატებითი დაცვის სტატუსები – მუდმივად დაბალ ნიშნულზე რჩებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გაცემული ბინადრობის ნებართვის უდიდესი ნაწილი გრძელვადიანი (12 თვე და მეტი) იყო. თუ 2014 წელს ასეთი ნებართვების რაოდენობა დაახლოებით 55 000 იყო, 2023 წელს თითქმის 130 000-მდე გაიზარდა. ამასთანავე, 3-5 თვიანი და 6-11 თვიანი ნებართვები ბინადრობის ნებართვების საერთო რაოდენობის შედარებით მცირე ნაწილს შეადგენდა.
საყურადღებოა ისიც, რომ 2014 წლიდან 2020 წლამდე ორივე სქესისთვის ნებართვების რაოდენობა თანდათანობით იზრდებოდა, თუმცა ქალები სისტემატურად უფრო მეტ ბინადრობის ნებართვას ფლობდნენ ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ვიდრე კაცები.

