„სამართლიანი არჩევნები” ცესკოს დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს სასამართლოში გაასაჩივრებს
„სამართლიანი არჩევნები” ეხმაურება 2025 წლის 3 აპრილს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც არსებითად ზღუდავს კენჭისყრის დღეს დამკვირვებელთა უფლებრივ მდგომარეობას და საარჩევნო პროცესის ეფექტიანად დაკვირვების შესაძლებლობას.
დადგენილებას ემატება შემდეგი შინაარსის მუხლი, რომელიც კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უკრძალავს:
- კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებას;
- ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებული დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნას, მათ შორის, გამორთმევას;
- ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღებას ან სხვაგვარი დამუშავებას.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, დამკვირვებელს უფლება აქვს, კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე ნებისმიერი ადგილიდან, რაც მათ შორის გულისხმობს კენჭისყრის ყველა პროცედურისა და ეტაპის სრულყოფილი დაკვირვების შესაძლებლობას.
დამკვირვებლის უფლება, დარღვევის აღმოჩენის მიზნით, შეამოწმოს ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მათი ვერიფიკაციის პროცესი, წარმოადგენს არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელოვან წინაპირობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, ერთი პარტიის გავლენის ქვეშ არის და მის მიმართ ნდობა დაბალია, დამკვირვებელთა უფლებების უფრო მეტად შეზღუდვა შესაძლო დარღვევების დროულად გამოვლენისა და აღკვეთის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს, ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოში ფართოდ გავრცელებული ისეთ არსებით დარღვევებს, როგორიცაა არასათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტით ხმის მიცემა, სხვის ნაცვლად და/ან მრავალჯერადი ხმის მიცემა. „სამართლიანი არჩევნები” ცესკოს დადგენილებაში შეტანილ ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს სასამართლოში გაასაჩივრებს.