საქართველოში მოქმედ ქარხნებს ემისიების მონიტორინგის სისტემების დანერგვა დაევალებათ
საქართველოს პარლამენტი განიხილავს „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომლის მიზანია სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირება და ევროკავშირის გარემოსდაცვით რეგულაციებთან შესაბამისობის მიღწევა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წვრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემის დანერგვას საქართველოში.
მოსალოდნელი გავლენა
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონის მიღება პირდაპირ იმოქმედებს იმ საწარმოებზე, რომლებიც ახდენენ სათბურის გაზების გაფრქვევას. მათ მოუწევთ სპეციალური ავტორიზაციის მიღება, გაფრქვევის მონაცემების მონიტორინგი და ანგარიშგება. ავიაციის სექტორში მოქმედი კომპანიები დამატებით ვალდებულებებს მიიღებენ, რაც შეეხება ნახშირორჟანგის (CO₂) ემისიების კონტროლსა და ანგარიშგებას.
შესაბამისად, ცვლილება გავლენას მოახდენს მძიმე მრეწველობისა და ავიაციის სექტორებზე. გაეროს უკანასკნელი მონაცემებით, რაც 2023 წელს მოიცავს საქართველომ წლის განმავლობაში 11.9 მილიონი ტონა CO2-ის ექვივალენტი სათბური აირები გააფრქვია ატმოსფეროში, რაც 2022-თან შედარებით 0.4 მილიონი ტონით მეტი იყო. საქართველოს გაეროს წინაშე აღებული აქვს ვალდებულება 2030 წლისთვის მისი ემისიები იყოს 1990 წლის, ანუ პიკური გაფრქვევების ნიშნულის (19.8 მლნ ტონაზე) 35%-ით ნაკლები იყოს, რაც 12.8 მილიონი ტონაა. სავარაუდოდ, ახალი კანონი გაფრქვევების უკეთ აღრიცხვა/მონიტორინგს გაამარტივებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს:
MRV სისტემის დანერგვას – საწარმოებს მოუწევთ მონაცემების შეგროვება, ანგარიშგება და მესამე მხარის მიერ ვერიფიკაცია.
ნახშირბადის სავაჭრო სისტემის (ETS) მომზადებას – რომელიც მიზნად ისახავს სათბურის გაზების შემცირებას ეკონომიკური სტიმულირების გზით.
საექსპორტო რეგულაციებთან შესაბამისობას – რაც ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს CBAM (ნახშირბადის საზღვრის რეგულაციის) მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის გაგრძელებაში.
კანონპროექტის მიხედვით, სხვადასხვა დებულება ძალაში შევა ეტაპობრივად:
ძირითადად, კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან.
ავტორიზაციის მიღება სავალდებულო გახდება 2026 წლის 1 აპრილამდე.
გარდამავალი პერიოდი გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, რომლის განმავლობაში კომპანიებმა უნდა მოამზადონ მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემა.
საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 31 მარტამდე უნდა მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები.
შესაბამისად, კანონის სრული ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო ძირითადი მოთხოვნები 2026 წლის იანვრიდან შევა ძალაში