ახალი ამბები

რა იცვლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება 82 ხმით მიიღო.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, კანონპროექტით ზუსტდება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, საჯარო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნასთან და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები წყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას.
კანონპროექტით ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.

იურისტ ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას.

,,რეორგანიზაცია თუ გარკვეულ პროცესებს ითვალისწინებს, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულების შემთხვევაში, ყოველგვარი პროცედურისა და მიზეზის გარეშე დეპარტმენტის უფროსები და მოადგილეები შეიძლება იყვნენ გათავისუფლებულები თანამდებობებიდან. შეიძლება ვიხილოთ რომ საჯარო მოხელეებმა დატოვონ სამსახურები. პროფესიონალი მოხელეები დიდი რისკის ქვეშ იქნებიან. შემცირდება საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურთან დაკავშირებით”.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძისვე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებით კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ერთადერთი თანამდებობა, რომელზეც ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა პირდაპირ არ გავრცელდება, არიან მრჩევლები, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ჰყავდეს უცხოენოვანი მრჩეველი.

კანონში შესული ცვლილების თანახმად, საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება.

,,ეს იყო თანმდევი საკანონმდებლო ეფექტი, დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილებს რადგანაც შეეცვალათ სტატუსი, ამ მიმართებით სახელმწიფო ენის ცოდნმა არ მოითხოვება. რისკები არსებობს, მაგალითად პარლამენტის წევრის თანაშემწე, მინისტრის თანაშემწე, მრჩეველი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იყვნენ, ამიტომ შეიძლებოდა მათ შორის ყოფილიყვნენ უცხოელები. მთავარი მოტივი ძირითადი აქ ის იყო რომ დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები მარტივად გასათავისუფლებელთა სიაში შეეყვანათ. ამ ცვლილებეს ექნება ძალიან მძიმე შედეგები იგვე დეპარტმანეტის უფროსებთან და მათ დაქვემდებარებულ პირებთან მიმართებით”, – აცხადებს სიმონიშვილი.