ახალი ამბები

სოფელ აწყურში მცხოვრები მეთუნე ქართული თიხის პოპულარიზაციაზე

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრები რამაზ გახუტაშვილი, რამდენიმე ათეული წელია თიხისგან სხვადასხვა სახის ჭურჭელს ამზადებს.

საქმიანობა 1991 წლიდან დაიწყო და დღემდე რამოდენიმე ასეული ნივთი აქვს გამოძერწილი. მისი განცხადებით, თიხაზე მუშაობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა. ამბობს, რომ იყალთოს აკადემიაში მისულმა ნახა როგორ ძერწავდნენ თიხისაგან ნივთებს.

,,სწავლის დასრულების შემდეგ იქვე დამტოვეს სამუშაოდ, თან ბავშვებს ვასწავლიდი ამ ხელობას. მუშაობაში ნელ–ნელა დავიხვეწე. სასწავლებელი რომ დაიშალა სახლში გავაკეთე სახელოსნო, დავდგი დაზგა და ქურა და აქ დავიწყე მუშაობა. დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული. ძირითადად ვამზადებ კახურ ტრადიციულ ჭურჭელს ქვევრებს, ხელადებს, ჩარექებს, კეცებს და სხვადსხვა სუვენირებს. თიხას ადგილზე მოვიპოვებ, ვამუშავებ, ვზელ, ფორმას ვაძლევ და ამის შემდეგ ნივთი საბოლოო სახეს გამოწვის შემდეგ იღებს. გამოწვა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა და ამას 34 საათი სჭირდება”.

ხელოვანი ამბობს რომ პროდუქციას სახლის წინ დახლზე ყიდის.

,,კერამიკამ განვითარების რთული გზა განვლო. ტექნიკის განვითარებას თან ახლდა ფორმების, ფერებისა და მხატვრულად გაფორმების ხანგრძლივი ცონდა და გამოცდილების დაგროვება. მეთუნეობის ტექნიკა თანდათან ვითარდებოდა. თავდაპირველად ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭელი ღია ცეცხლზე იწვებოდა, შემდეგ გაჩნდა სამეთუნეო იარაღი – მორგვი, რაზედაც ჭურჭელი კეთდება. ჩარხის გაჩენამ საკმაოდ შეამსუბუქა ხელოსნის შრომა. ჩარხმა მეთუნეობა კაცობრიობის ისტორიაში პირველ მექანიზებულ დარგად აქცია. კახეთში თიხის ჭურჭელის დამზადების კერები იყო ქიზიყში – ბოდბისხევი, ანაგა, ვაქირი; ასევე ნინოწმინდასა და კაკაბეთში, თელავში- რუისპირი, იყალთო, ველისციხე”.

მისივე თქმით, აუცილებელია ქართული თიხის განვითარება და ზოგადად ამ დარგის გაძლიერება. მეთუნეობა უყურადღებოდ არის დატოვილი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული თიხის პოპულარიზაცია და განვითარება მოხდეს.

,,წინაპრებისგან გადმოცემული უძველესი ხელობა არ უნდა დაიკარგოს და მეტი ახალგაზრდა უნდა დაინტერესდეს მისით. ხელშეწყობაა მთავარი, რომ პოპულარული იყოს თიხაც და მეთუნეობაც, როგორც პროფესია. მე ვცდილობ ეს ხელობა არ დაიკარგოს. ვასწავლი და ვცდილობ ახალ თაობას ინტერესი გავუჩინო ამ საქმის მიმართ”.