ახალი ამბები

გრანტის მართვის სააგენტო სახელმწიფო გრანტის გაცემაზე კონკურსს 21 ივლისს გამოაცხადებს

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზნით საჯარო კონკურსის გამოცხადებას 21 ივლისს გეგმავს. ამის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი, რომლის თანახმადაც მიმდინარე წელს შექმნილი სააგენტო სოციალური მედიის (Facebook, Instagram პლატფორმაზე) შექმნისა და მართვის ყოველთვიური მომსახურების მიღების მიზნით, გამარტივებული წესით 24 068 ლარს გადაიხდის.

კერძოდ, გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, სოციალური მედიის გვერდებზე განსათავსებელი დიზაინერული შინაარსის პროდუქტის შექმნის შესყიდვა 30 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი რაოდენობებით იგეგმება:
• სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმითა და შინაარსით პოსტების გამოქვეყნება საჭიროებისამებრ, თვეში არანაკლებ 15 პოსტი (საჭიროებისამებრ)
• ვიზუალური კონტენტის დამზადება, კერძოდ ფოტოები, ბანერი, ინფოგრაფიკა – თვეში 15 ვიზუალური კონტენტი (საჭიროებისამებრ)
• ვიზუალური კონტენტის მოკლე ვიდეო რგოლის დამზადება და მონტაჟი (≤ 1 წუთი) – თვეში 5 ვიდეო რგოლი (საჭიროებისამებრ)

სააგენტო განმარტავს გამარტივებული წესით შესყიდვის მიზეზს შემდეგნაირად განმარტავს:

“სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო საბიუჯეტო შუა წელს შეიქმნა და ამდენად მიმდინარე წელს მას არ გააჩნია სრული საშტატო და ორგანიზაციული მხარდაჭერა და ამჟამად იმყოფება ჩამოყალიბების ეტაპზე”.

მათივე განმარტებით, ამჟამად სააგენტოს არ გააჩნია ოფიციალური ვებგვერდი და ასევე არ ფლობს სოციალური მედიის პლატფორმას. “მიმდინარე წლის 21 ივლისს სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გეგმავს სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზნით საჯარო კონკურსის გამოცხადებას, რაც წარმოადგენს მის ძირითად ფუნქციას. ამდენად საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროული და კვალიფიციური მიწოდება უმნიშვნელოვანესია. ამას გარდა სააგენტო საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების შესაბამისად”, – წერია განმარტებაში.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა, 30 ივნისის 1052-ე განკარგულებით 304 272 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მთავრობა ჯამში 814 472 ლარს გამოუყოფს.

ამასთან, როგორც ცნობილია, გრანტის მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება, რითაც სააგენტომ ის ორგანიზაციები უნდა დააფინანსოს, რომელთა “საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან”.

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება 22 აპრილს გამოიცა. სააგენტო ახალი სსიპ-ია, რომელიც NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და მთავრობას დაექვემდებარება.