ოცნების შემომწირველ კომპანიას, ₾25.4 მლნ გადაუხადეს 8 მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებაში – პირობები არ შესრულდა
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ შპს „ლ.და.კ-ს“ მოგებული არაერთი ტენდერის დასრულების თარიღი ხანგრძლივი ვადით, ზოგ შემთხვევაში სამი წლითაც კი გადაუწია. მიუხედავად ამისა, კომპანიამ „ლ.და.კ-ს“ ₾25.4 მილიონი გადაუხადა. ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასა და მოწყობას ეხებოდა. ინფორმაციას ,,ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
შპს „ლ.და.კ“ – მოკლე მიმოხილვა
შპს „ლ.და.კ“ 2007 წელს დაარსდა. მისი ამჟამინდელი მფლობელი დავით კაპანაძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი – კობა ლომიძე. დავით კაპანაძეს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 95,000 ლარი აქვს შეწირული. კომპანიის ძირითად საქმიანობას სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წარმოადგენს. 2022 წელს კომპანია მიმწოდებელთა შავ სიაშიც მოხვდა, რადგან შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან“ გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულება ვერ შეასრულა.
შპს „ლ.და.კ“ 2024 წლის 8 ივლისს მიმწოდებელთა თეთრ სიაში შეიყვანეს. თეთრი სია იგივე კვალიფიციური მიმწოდებელთა რეესტრია, რომელშიც არსებული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას გამარტივებული პროცედურებით სარგებლობენ. თეთრ სიაში მოსახვედრად კომპანია გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, იმასაც, რომ კომპანიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული გაფრთხილება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ასევე ერთი წელი უნდა იყოს გასული შავ სიაში ყოფნის ბოლო თარიღიდან.
დაგვიანებული და შეუსრულებელი ტენდერები
შესავალში განხილული ტენდერები შპს „ლ.და.კ-მ“ 2020-2021 წლებში მოიგო. შემსყიდველი სახელმწიფო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ იყო. აღსანიშნავია, რომ „ლ.და.კ-ს“ წყალმომარაგების კომპანიამ ერთი ტენდერის შემთხვევაში ვადები არ გადაუწია და მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, თუმცა სხვა 6 ტენდერის შემთხვევაში მსგავსი რამ არ მომხდარა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შპს „ლ.და.კ-ს“ აღნიშნულ ტენდერებში ჯამში ₾25,453,616.46 გადაუხადა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები
მას შემდეგ რაც ორი კომპანია დისკვალიფიცირდა ტენდერში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შპს „ლ.და.კ-ს“ ხელშეკრულება 2020 წლის 30 დეკემბერს გაუფორმა. ტენდერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოსკალო და გამარჯვება, – წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასა და მოწყობას გულისხმობდა.
ხელშეკრულების ღირებულებად ₾3,283,182.82 განისაზღვრა, პროექტი კი 2022 წლის 15 მაისს უნდა დასრულებულიყო. ტენდერის განმავლობაში ვადა ხუთჯერ გადაწიეს, მოქმედების ვადად ბოლო ცვლილების შედეგად 2023 წლის 15 ოქტომბერი განისაზღვრა.
მიუხედავად ვადის გადაწევებისა, წყალმომარაგების კომპანიამ 2023 წლის 30 ოქტომბერს ხელშეკრულება გაუწყვიტა შპს „ლ.და.კ-ს“. კომპანიის მიერ მიმწოდებლისთვის მიწერილი წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიამ არაერთხელ ითხოვა გადავადება, რომლის მიუხედავად, შპს „ლ.და.ლ-ს“ მიერ სამუშაოები ნელა, არასტაბილურად მიმდინარეობდა და რიგ შემთხვევებში კი სრულად იყო შეჩერებული. ტენდერის ფარგლებში ₾2,275,685.64 შპს „ლ.და.კ-მ“ მიიღო.
ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ტენდერის გარდა, სხვა შემთხვევებში წყალმომარაგების კომპანიამ შპს „ლ.და.კ-ს“ ხელშეკრულებები არ შეუწყვიტა.