საკმარისია თუ არა დადგენილი საარსებო მინიმუმი და რაში ხარჯავენ ძირითადად ფულს მოქალაქეები
საქართველოში საარსებო მინიმუმი 262 ლარი და 40 თეთრია. აღნიშნული მონაცემები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.1 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი 5.9 ლარით გაიზარდა. Knews.ge დაინტერესდა საკმარისია თუ არა მოსახლეობისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმი და რაში ხარჯავენ ისინი ძირითადად თანხას.
knews.ge დაინტერესდა რაში ხარჯავენ თანხას თელავში მცხოვრებლები. ადგილობრივების განმარტებით, მათი მცირე შემოსავლებ და პენსია ძირითადად წამლებსა და პირველადი მოხმარების ნივთებსა და მცირე რაოდენობით პროდუქტებს ყიდულობენ.
,,შემოსავალი არ გვაქვს, სამსახურები არ არის, ოჯახში რამდენიმე წევრიდან შეიძლება ერთი მუშაობდეს და ის შემოსავალი ადამიანს რაში უნდა ეყოს? გარდა ამისა პენსიაც ცოტაა და ყველაფერი კი ყოველდღიურად ძვირდება. არაფერი მოგვდის ამ ფულით. წამლები ძვირია და პროდუქტიც მაღაზიაში ძვირია”,- აცხადებენ knews.ge-სთან ადგილობრივები.
მოქალაქეები სასაცილოს უწოდებენ იმ თანხას, რომელიც საარსებო მინიმუმის ფარგლებშია გამოანგარიშებული. მათი თქმით, 262 ლარით მხოლოდ ორი კვირის სამყოფი მცირე რაოდენობის პროდუქტების ყიდვას მოახერხებენ.
,,262 ლარი საარსებო მინიმუმი არის ძალიან ცოტა. ამ ფასად რა უნდა იყიდოს ადამიანმა რომ თავი გაიტანოს. ზოგი ოჯახი მხოლოდ პენსიით ირჩენს თავს და სხვა შემოსავალი არ აქვს. ამ ადამიანებმა როგორ უნდა მოახერხონ ერთნაირად წამლის და საჭმლის ყიდვა? მაგალითად ჩვენ ოჯახში 4 ადამიანი ვართ. მე მაქვს პენსია და ჩემი ქმარი დღიურად მუშაობს სხვადასხვა საქმეებზე. ეს ფული მხოლოდ იმაში გვყოფნის, რომ ცოტა საჭმელი ვიყიდოთ. თანხა ძირითადად კომუნალურებსა და წამლებში იხარჯება”,- აცხადებს ლელა მარჩილაშვილი.
მოქალაქეები ასევე განმარტავენ, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ახალ წელს განსაკუთრებულად მომზადებულები ვერ ხვდებიან, რადგან ქვეყანაში უმეტესი მოქალაქე მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში ცხოვრობს.
,,ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ძვირია, 400 ლარამდე მოდის ხოლმე კომუნალური გადასახადები. ამას ემატება ყოველდღიური ხარჯები, წამლის საყიდელი ფული და საკვები, რომ თავი გავიტანოთ. გასულ წლებში ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, ახლა კი ისეა გაძვირებული ყველაფერი, ვერაფრის გაკეთებას ვეღარ მოვახერხებთ. აუცილებელია ადგილზე შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ადამიანმა იმუშავოს და შემოსავალი ქონდეს თავის გასატანად”,- განაცხადა თელაველმა გელა ნონიაშვილმა.